მთავარისაქართველოჯანმრთელობა და განათლება პირადი უსაფრთხოების შესახებ

ჯანმრთელობა და განათლება პირადი უსაფრთხოების შესახებ

ჯანმრთელობა, ჰიგიენა, თავდაცვა, ურთიერთობები – ეს ის საკითხებია, რომლებსაც ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლება, უფრო ზუსტად კი ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლება მოიცავს. ამ საკითხებზე საუბარი ზოგ მშობელს შვილთან ჯერ კიდევ უჭირს. მიზეზი სხვადასხვაგვარია – უხერხულობა, ტაბუ, არასაკმარისი დრო ან ინფორმაცია.

„ბავშვებისთვის ეს არის სექსუალური ძალადობისგან პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმი, განასხვაონ, როგორ არ უნდა მოხდეს მათი პირადი სივრცის დარღვევა, ხოლო მოზრდილებმა უფრო გაიაზრონ ის პასუხისიმგებლობები, რაც ახლავს ურთიერთობებს“, – განაცხადა  გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსმა, მარიამ ბანძელაძემ.

ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 12 სკოლაში გასულ წელს „ექიმის საათიც“ ჩატარდა. პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მასწავლებლებმა და  ექიმებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის, ძალადობის ნიშნების ამოცნობის, კიბერბულინგისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. იყვნენ მშობლები, რომლებიც ამ საკითხის მიმართ თავიდან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, თუმცა, საკითხში გარკვევის შემდეგ აღმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანია და საჭირო ბავშვებთან ამ თემებზე საუბარი.

მოგვეწოდა სპეციალური პროგრამა, საინტერესო იყო გაკვეთილები იმით, რომ ყველაფერს ბავშვებს თამაშით, სხვადასხვა ანიმაციის სახით ვაწვდიდით“, – აღნიშნა ექიმმა, ნინო ბახუტაშვილმა.

„ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა ბავშვები შემდეგ დაკარგულან და თავისი გამოცდილება გაგვიზიარეს, ასე მოვიქეცით, ასე ვისწავლეთ, ხომ ასე უნდა მოვქცეულიყავით“, – თქვა მასწავლებელმა ციური მუღალაშვილმა.

რას ფიქრობენ ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლებაზე – „ევრონიუს ჯორჯიამ“ ამ თემაზე ქუჩაში მოქალაქეები გამოკითხა. ბევრი უხერხული ღიმილით, ამ საკითხზე, კამერასთან საუბარს თავს არიდებს, ნაწილი   სკოლებში მისი სწავლების აუცილებლობაზე საუბრობს, ზოგი კი საჭიროებას ვერ ხედავს.

„შინ ნაკლებად საუბრობენ და კარგი იქნება, თუ სკოლიდან მიიღებს მოზარდი“;

„პირველი კლასიდანვე უნდა ისწავლებოდეს“;

„უნდა ტარდებოდეს მოსწავლეებში ეს აღმზრდელობითი გაკვეთილები“;

„უფრო ასაკობრივად, კლასის მიხედვით უნდა იყოს“;

„არ უნდა ისწავლებოდეს, სწავლება რად უნდა“;

„საჭიროა არა მარტო ოჯახში, სკოლებშიც აუცილებელია“, – ამბობენ ქუჩაში გამოკითხული მოქალაქეები.

გაეროს მოსახლეობის ფონდში ფიქრობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ხელოვნური ბარიერები ჩამოიშალოს და სკოლებში დაინერგოს ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლება.

ამისთვის კი საინფორმაციო შეხვედრები იგეგმება, რომ ნათელი გახდეს: ასეთი განათლება საშიში არ არის და ბავშვების ჯანსაღ განვითარებას ემსახურება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend