საქართველოს პროკურატურამ შვიდი ქვეყნის უწყებასთან ერთად საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
საქმე ეხება „ევროჯასტის“ მხარდაჭერით შექმნილ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს, რომელმაც ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გაჩხრიკეს ხუთი ე.წ. „ქოლცენტრი”, მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინები, ავტომანქანები და სამუშაო ადგილები.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. პროკურატურის ცნობით, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს. ამ საქმეზე დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
„საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიება, უცხო ქვეყნების და საქართველოს მოქალაქეების მიერ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოყალიბებული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენას ეხება.
გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. „ქოლცენტრების“ მოწყობას. აღნიშნული „ქოლცენტრების“ მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. „ქოლცენტრის“ ფუნქციონირებისათვის, სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით ქმნიდნენ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.