ნორვეგიის პრინცესა მართა სამეფო მოვალეობებსა და პრივილეგიებზე უარს ამბობს. მას სურს, თავის საქმროსთან ერთად მართოს ბიზნესი, რომელიც ალტერნატიულ მედიცინას უკავშირდება. სამეფო მოვალეობებზე უარის თქმის მიუხედავად, პრინცესა ტიტულს მაინც შეინარჩუნებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთეს მეფე ჰარალდმა და დედოფალმა სონიამ. მათი თქმით, პრინცესა მოვალეობებს დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ასრულებდა.
პრიცესამ, რომელსაც მისი უმცროსი ძმა ჩაანაცვლებს, სატელევიზიო განცხადებაც გააკეთა.
„ჩემი და ჩემი საქმროს როლთან დაკავშირებით მრავალი კითხვა გაჩნდა, შესაბამისად გადავწყვიტე, რომ ამ დროისთვის სამსახურებრივი მოვალეობები აღარ შევასრულო. ეს გადაწყვეტილება მშობლებთან, მეფესთან, დედოფალთან და უახლოეს ნათესავებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე. მთავარია, რომ სამეფო სახლის გარშემო სიმშვიდე შენარჩუნდეს“, – განაცხადა პრინცესა მართა ლუიზამ.
51 წლის პრინცესას ჰოლივუდის სულიერ გურუსთან დიურეკ ვერეტთან ურთიერთობამ ნორვეგიაში აჟიოტაჟი მას შემდეგ გამოიწვია, რაც მეექვსე თაობის შამანმა ვერეტმა თავის წიგნში გამოთქვა მოასაზრება, რომ კიბო ადამიანის არჩევანია.
ის თავის ვებგვერდზე ყიდის მედალიონსაც, სახელწოდებით “სულის ოპტიმიზატორი”, რომელიც, მისი თქმით, მას კოვიდის დაძლევაში დაეხმარა.