მთავარისაქართველოIRI-ის კვლევის შედეგებს პოლიტიკურ წრეებში ეხმაურებიან

IRI-ის კვლევის შედეგებს პოლიტიკურ წრეებში ეხმაურებიან

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ კვლევას დღეს უკვე პოლიტიკურ წრეებში ეხმაურებიან.

საქართველოს საგარეო კურსი, კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც IRI-ის კვლევაშია საუბარი.

ოპოზიციაში IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებენ როგორც ოპტიმიზმის დრამატულ ვარდნასა და უნდობლობას პოლიტიკური პროცესისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ.

„რაც მნიშვნელოვანია ამ კვლევაში და რაც სხვა კვლევებითაც დასტურდება, არის ის, რომ ამ ქვეყანაში არის მყარი უმრავლესობა, რომელსაც უნდა კურსის რადიკალურად შეცვლა, იმ კურსის საწინააღმდეგოდ, საითაც ივანიშვილის რეჟიმს მიჰყავს ეს ქვეყანა. ჩემი აზრით, მიჰყავს უფსკრულისკენ, იზოლაციისკენ დასავლეთიდან, პუტინის რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენისკენ, ეკონომიკური კრახისკენ. ამის შეცვლა უნდა მყარ უმრავლესობას“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

„კვლევაში ნათლად არის ასახული საქართველოში განვითარებული ბოლო პერიოდის მდგომარეობა: ქართველი ხალხის მკაფიო დასავლური კურსის შეუცვლელი არჩევანი – რომელსაც “ქართული ოცნება” ცდილობს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულების ნაცვლად 12 ალიბის შექმნა დაუპირისპიროს, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ქვეყნის მარცხი საკუთარი ვიწრო პარტიულ ინტერესად აქციოს“, – თქვა „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელთა თქმით, ის, რომ საზოგადოების უდიდესი რაოდენობა მხარს უჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ამ დამოკიდებულების შექმნაში „ქართულ ოცნებას“ „ლომის წილი“ მიუძღვის.

„მმართველ პარტიას რომ ორჯერ მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს, ეს ჩვენთვის ცნობილია, ისევე როგორც არაერთი პრობლემა, რაც ქვეყანას აწუხებს და ამა თუ იმ კვლევაში ამოტივტივდება ხშირად გარკვეული კონიუნქტურული საფუძვლით. საზოგადოება ზუსტად აფასებს პარტიების დამსახურებას ქვეყნის წინაშე და აქედან გამომდინარე, თავის პოზიციასაც გამოხატავს. თუმცა, ბევრია ისეთი, რომელიც არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. ერთია კიდევ მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებისა, საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია ერთიანია, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ დამოკიდებულების შექმნაში “ქართულ ოცნებას” „ლომის წილი“ მიუძღვის“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

IRI-ის კვლევა 7 ნოემბერს გამოქვეყნდა. გამოკითხული მოქალაქეები მტკიცედ უჭერენ მხარს ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრებას. გამოკითხულთა 64% კი საქართველოს მთავრობას/მმართველ პარტიას აკისრებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მოიპოვებს. კვლევის მიხედვით, 72% მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვას ისურვებდა, 48% მტკიცედ ეთანხმება იმას, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღია ხელისუფლებაში რამდენიმე პარტიის ყოფნა. გამოკითხულ მოქალაქეთა 89% ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს. IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 78% მხარს არ უჭერს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თავისუფლად, უვიზოდ შემოსვლას, ისევე როგორც, ბიზნესის რეგისტრაციასა და ქონების შეძენას. გამოკითხულთა აზრით, უმუშევრობა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend