მთავარისაქართველორა აეკრძალება ოლიგარქად მიჩნეულ ადამიანს საქართველოში კანონპროექტის მიხედვით

რა აეკრძალება ოლიგარქად მიჩნეულ ადამიანს საქართველოში კანონპროექტის მიხედვით

80 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, პარლამენტში აქტიური განხილვის საკითხია.

ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროკავშირმა ქვეყანას სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ოლიგარქიული გავლენების აღკვეთა მოთხოვა და არა ისეთი კანონის მიღება, რომლითაც მხოლოდ ოპონენტების დევნა მოხდება. ოლიგარქად კი ოპოზიციაც და მათივე განცხადებით ევროპელი პარტნიორებიც, ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ.

“ორივე მხრიდან ნათლადაა პოზიცია ცნობილი. ერთის მხრივ, ევროკავშირმა გასაგებად გვითხრა რაც სურს, რომ ოლიგარქიული გავლენებისგან გათავისუფლდეს სახელმწიფო ორგანოები, რაც დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებით მიიღწეოდა. ხოლო, მეორეს მხრივ, მმართველი პარტია გასაგებად ამბობს, რომ არ შეასრულებს ისე, როგორც საჭიროა.

მეტიც, ამ კანონს გამოიყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ყველაფერი ნათელი და გასაგებია. ამ შემთხვევაში გამოსავალი ის არის, რომ საერთოდ არ მივიღოთ ეს კანონი. რომც მიიღონ, ამით ქვეყანა არ დაიქცევა, თუმცა ნამდვილად არ ჩაითვლება შესრულებულად ეს პუნქტი და ქვეყანას შეუშლის ხელს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მე ნამდვილად არ მსურს,“ – განაცხადა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ კატეგორიულად ამბობენ, რომ ოლიგარქიული კრიტერიუმებით ბიძინა ივანიშვილი ვერ შეფასდება. სამაგიეროდ, ასეთ პირებს პოლიტიკური ოპონენტების წრეებში ხედავენ. უკრაინული კანონის ფაქტობრივად ზუსტი ასლით მიღებას კი, ევრორეკომენდაციის შესრულებისთვის სრულებით საკმარისად მიიჩნევენ.

“ოპოზიციას აქვს არა დეოლიგარქიზაციის ინტერესი, არამედ სწორედ ის ინტერესი, რომ საქართველოში ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან სუბიექტური, რადგან ყველა ოლიგარქი არის დღეს მათ მხარეს, მათ ინტერესებშია, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, დაუბრუნონ ძალაუფლება.  ხომ ვიცით, ვინ არიან ესენი – სააკაშვილი, კეზერაშვილი და სხვები. ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი. აქედან გამომდინარე არ დაუჭირეს მათ მხარი ​დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კანონპროექტის განხილვას, მიღებას, გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ოლიგარქებმა, რომლებმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს სისხლიანი ფული, მილიონები, მილიარდები, არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება. ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კანონის პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც 4 კრიტერიუმიდან სულ მცირე სამს ერთდროულად აკმაყოფილებს –

1, მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;

2, ფლობს და გავლენას ახდენს მედია საშუალებებზე,

3, აქვს ეკონომიკური მონოპოლია კონკრეტული საქმიანობის მიხედვით;

4, ქონებითა და შემოსავლებით 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

დოკუმენტის მიხედვით, ოლიგარქიულ რეესტრში შეყვანილ პირს აეკრძალება პოლიტიკური პარტიების ფინანსური და ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა, პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება და პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

კანონს პარლამენტი სავარაუდოდ ორ კვირაში მიიღებს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend