მთავარი გადაცემები ოკეანე ლურჯი რევოლუცია: ზღვის წყალმცენარეების პლანტაციები ევროპის სანაპიროებზე

ლურჯი რევოლუცია: ზღვის წყალმცენარეების პლანტაციები ევროპის სანაპიროებზე

ევროკავშირის ზღვის წყალმცენარეების პლანტაცეიბის გაშენებას უწყობს ხელს

დასავლეთ შვედეთის სანაპირო ზოლის კამკამა წყალში, გეტებორგის მახლობლად, წყალქვეშ რამდენიმე ათეულ კილომეტრზე თოკებია გაჭიმული. ეს წყალმცენარეების პლანტაციაა – ახალი ფერმა, რომელიც გაეტონ ზაკრისონმა და მისმა გუნდმა გააშენეს.

ახლა თესვის სეზონია და ფერმერები წყალმცენარეების ციცქნა ნერგებით სავსე   თოკებს ამატებენ. იშვიათ წყალმცენარეებს რგავენ: ზღვის სალათას იგივე ულვას – ეს არის ექსპერიმენტული მოსავალი,  რომელიც, როგორც წესი, ზღვის ფერმებში არ მოჰყავთ.

„ესენი ამ დილით ლაბორატორიიდან მოვიტანეთ – ამის დარგვას ვაპირებთ, რომ გაიზარდოს, თუმცა უკვე იჭმება. საკმაოდ გემრიელია. ჯერ ძალიან პატარაა, როცა იზრდება,  ასე 20-დან 50 სანტიმეტრს აღწევს  და ხრაშუნა სალათის ფურცლად იქცევა,“ – განმარტავს გაეტონ ზაკრისონი, კომპანია Nordic Seafarm-ის კულტივაციის დეველოპერი.

ზღვის პლანატაცია

ყოველ წელს სულ უფრო მეტი ასეთი ფერმა ჩნდება ევროპის სანაპიროებზე. თუმცა მათ უმეტესობას შაქრის წყალმცენარე ან სხვა უფრო გავრცელებული ზღვის წყალმცენარე მოჰყავს. ზღვის სალათა მეტ პროტეინს შეიცავს და ნაკლებად მარილიანია, რის გამოც ის უფრო გემრიელია და მისი მომზადებაც უფრო ადვილია.

თუმცა ეს მცენარე აქ მაინც გამონაკლისია, რადგან ზღვაში ფართომასშტაბიანი წარმოება ჯერჯერობით არ არის კარგად განვითარებული. ამ ფერმის გუნდს სჯერა, რომ სწორ გზაზე დგას. პილოტური პლანტაცია წლის განმავლობაში 100-ჯერ გაფართოვდა. რამდენიმე თვეში ფერმაში 20 ტონა ზღვის სალათის აღებას ვარაუდობენ.

გაეტონ ზაკრისონი, კომპანია Nordic Seafarm-ის კულტივაციის დეველოპერი:

„ამით იღებ პროტეინს, მინერალებსა და ზღვის სასიამოვნო სურნელს, რაც ძალიან მაგარია. მე მომწონს.“

პროექტი  Nordic Seafarm, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს, მეცნიერულ კვლევას ეფუძნება. ამ პროექტს უნივერსიტეტში ჩაეყარა საფუძველი.

მისი ერთ-ერთი  თანადამფუძნებელი მეცნიერი გორან ნილუნდია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ზღვის წყალმცენარეებზე მუშაობდა. ღია ზღვაში მცენარის მოყვანის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია სანერგე მასალის  მეცნიერულად შერჩევასა და მომზადებაზე.

ზოგიერთ მზიან რეგიონში ულვა ხმელეთზე განთავსებულ წყლის ავზებში მოჰყავთ, მაგრამ შვედეთის მსგავს ქვეყნებში პლანტაციის ზღვაში გაშენებას მრავალი უპირატესობა აქვს – ის არ აცდენს  მიწას, არ მოითხოვს ძვირად ღირებულ ინფრასტრუქტურასა და სასუქებს და მისი ფართობის გაზრდაც ადვილია.

„ის, რაც ზღვაში ნახეთ, ძალიან დიდწილად იმ კვლევის შედეგია, რომელსაც აქ ვაწარმოებთ. სანამ ულვაზე დავიწყებდით მუშაობას, არასოდეს გვიცდია ასეთ მასშტაბზე გასვლა. ამიტომ ახლა ვცდილობთ, ვიპოვოთ ისეთი მეთოდი, რომელიც ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის საჭირო სათესლე მასალის მიღების საშუალებას მოგვცემს,“ – ამბობს გორან  ნილუნდი, Nordic Seafarm-ოს წარმოებისა და კულტივაციის მენეჯერი.

 

წყალმცენარე –  ევროკავშირის ბიოეკონომიკის გეგმის ცენტრალური ნაწილი

ეს ახალი შეთავაზება აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნას მდგრადი და ალტერნატიული სურსათის სახეობებზე. ტბის ნაპირზე მდებარე ეს რესტორანი ერთ-ერთია იმ მრავალი რესტორნიდან, რომლებსაც „ნორდიკ სიფარმი“ Nordic Seafarm ზღვის წყალმცენარეებით ამარაგებს. თომას შოგრენი Thomas Sjögren სახელგანთქმული შეფმზარეულია, რომელიც ყოველ დილას გადიოდა ზღვაში და რომელიმე წყალმცენარე მოჰქონდა. მაგრამ ახლა მისი რესტორნის მენიუში აქაურ თევზთან და ბოსტნეულთან ერთად  ფერმის ზღვის წყალმცენარეებსაც ნახავთ. პალტუსის ნაჭერზე შემოხვეული ზღვის სალათის ფურცელი შეწვის შემდეგ ხრაშუნა ხდება.

„ის თევზს ანიჭებს როგორც გემოს, ისე მარილიანობას და კარგად ხსნის გემოს, რაც შესანიშნავია განსაკუთრებით თეთრხორციანი თევზისთვის, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ უგემურია და სჭირდება გარკვეული საკმაზი, რომელიც პარალელურად ოკეანის გემოსაც გაგახსენებთ – ეს კი შესანიშნავი საშუალებაა, ჩემი აზრით!“ – ამბობს თომას შოგრენი, Signum Restaurant-ის მესაკუთრე და შეფმზარეული.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზღვის წყალმცენარე აზიური სამზარეულოს ტრადიციული ნაწილია, ის შედარებით უცნობია ევროპელი მომხმარებლისთვის. თუმცა ბევრი თვლის, რომ ეს მალე შეიცვლება. სულ უფრო მეტი რესტორანი იღებს ადგილზე მოწეულ წყალმცენარეებს. თანაც ჯანმრთელი და ეკოლოგიურად სუფთა კვება მტკიცე ტრენდი გამოდგა. ფერმერულ ტექნოლოგიებში დიდი წინსვლის ფონზე, სექტორის წარმომადგენლები  ვარაუდობენ, რომ ე.წ. ლურჯი რევოლუცია უფრო სურსათის წარმოებას შეეხება და მას ხმელეთიდან ზღვაში გადაიტანს.

ჯონათან გერბო, Nordic Seafarm-ის ბიზნესის დეველოპერი განმარტავს:

„ დღეის მდგომარეობით, საკამოდ დეცენტრალიზებულია მიდგომა, ყველა თავის საქმეს აკეთებს და რეგულაციები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ჩვენ გვინდა, შევქმნათ სერტიფიცირებული ფერმების ქსელი, მათზე შეგვიძლია შეძლებისდაგვარად კარგი გავლენა მოვახდინოთ და გავუადვილოთ მომხმარებელს სასურველი პროდუქტის არჩევა.“

ამ სექტორის წასახალისებლად ევროკომისიამ ე.წ. „წყალმცენარეების ინიციატივა“ მოამზადა – ეს არის იმ ზომების პაკეტი, რომლებიც ემსახურება წყალმცენარეების წარმოების გაფართოებას, უსაფრთხო მოხმარებასა და ინოვაციურ გამოყენებას.

სპირულინა – უნიკალური პროდუქტი

ეს მხოლოდ ზღვის წყალმცენარეებს არ ეხებათ. მაგალითად რიგაში, ერთმა პატარა ლატვიურმა კომპანიამ სპირულინას წარმოების ინოვაციური გზა იპოვა. სპირულინა პაწაწინა მოლურჯო-მომწვანო წყალმცენარეა, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიეტურ დანამატად იყენებენ.

კომპანია SpirulinaNord-ი, რომელიც  ქალებმა დააარსეს და რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს, ყიდის წყალმცენარეს, როგორც უნიკალურ საკვებს, რომლის სასარგებლო თვისებებიც კლინიკურად დადასტურებულია.

კრისტინ ვეგერი, კომპანია SpirulinaNord-ის თანამფლობელი:

„მას უნიკალური შემადგენლობა აქვს: იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, B ვიტამინს, რკინას, კალციუმსა და ასე შემდეგ – სხეულისთვის საჭირო 200-ზე მეტ ელემენტს.“

ამ კომპანიის მიგნება არის ახალი წყალმცენარეების მოყვანა დახურულ სისტემაში. ეს განსხვავდება მშრალად მოყვანილი სპირულინასგან, რომელსაც ხშირად გემოს უწუნებენ. ახლად დაკრეფილ სპირულინას ეს ნაკლი არ აქვს. კომპანიაში  დღიურ მოსავალს ადგილობრივ ორგანულ წვენებში ურევენ და ყიდიან, როგორც ჯანსაღ სასმელსა და სიროფს.

„მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი სინჯავს ჩვენს პროდუქტს, რადგან მხოლოდ გემოს გასინჯვის შემდეგ ხვდებიან, რომ ეს გაცილებით უფრო საინტერესო და ღირებული პროდუქტია, თანაც უკეთესი გემო აქვს,“ – ამბობს კრისტინ ვეგერი.

ლატვიური კომპანია იმედოვნებს, რომ ქალაქის მოსახლეობა აცნობიერებს, თუ რამდენად აუცილებელია  საკმაოდ ძვირად ღირებული დანამატის შეტანა კვების რეჟიმში.

პოტენციური კლიენტურის ერთ-ერთი მიზნობრივი ჯგუფს სპორტსმენები და სავარჯიშო დარბაზების მომხმარებლები წარმოადგენენ, ასევე სპეციალური კლინიკები, რომლებიც საკუთარ პაციენტებს სპირულინას მიღებას ურჩევენ.

სპირულინას, როგორც დანამატის მთელ რიგ სასარგებლო თვისებებს, სამედიცინო კვლევები ადასტურებს – იგი ხსნის დაღლილობასა და ანთებით პროცესებს, ხელს უწყობს ჭარბი წონისა და ქოლესტერინის შემცირებას, ასევე წნევის  დაწევას.

ლიენე მარტინსონე-ბერზკალნე, დაბერების საწინააღმდეგო ინსტიტუტის  შიდა დაავადებების  დოქტორი

„ვიცით როგორც თავად მცენარის, ისე მისი ფხვნილის სასარგებლო თვისებები და ისღა დაგვრჩენია, ვნახოთ,  რამდენად სასარგებლო იქნება,  სითხეში რომ გაიხსნება.“

კიდევ ერთი პოტენციური ბაზრის სეგმენტი არის ეკოლოგიური ცხოვრების წესის მქონე ცენტრები – კომპანია ყიდის სასმელებს, სიროფებსა და გაყინულ სპირულინას ლატვიასა და ბალტიის სხვა ქვეყნებში. ახლა საჭიროა, მომხმარებელი დაარწმუნონ, რომ ყველა სპირულინას არ აქვს ისეთი ცუდი გემო, როგორიც ფხვნილის დანამატს.

„ხალხის უმეტესობას  ეს პროდუქტი არასოდეს გაუსინჯავს. ხოლო ვისაც გაუსინჯავს და ვთავაზობთ, სახეზე აწერია, რასაც ფიქრობს: დიდი მადლობა, აღარ მინდა კიდევ ერთი სპირულინა! თუმცა თუ დავიყოლიებთ, გასინჯოს ჩვენი პროდუქტი, როგორც წესი, გაოცებული რჩება, რომ ის ლიმონათს ჰგავს და უკვირთ, რომ წყალმცენარისაა,“ – განმარტავს აგნეს სტუნდა-ზუევა, კომპანია SpirulinaNord-ის თანამფლობელი.

მუდმივ კლიენტებს შორის არიან სპორტსმენი კაცებიც, მაგრამ მომხმარებლის უმეტესობა ქალია.

აგნეს სტუნდა-ზუევა აკონკრეტებს:

„როგორც ვხედავთ, მომხმარებლის 90 პროცენტი ქალია – ყველა ასაკის, თუმცა ახალგაზრდა დედები ჭარბობენ. ახალგაზრდა დედებმა სამსახურშიც უნდა იარონ და საღამოს ბავშვებსაც უნდა ეთამაშონ, სადილი მოამზადონ და ასე შემდეგ, ამიტომ მათ საღამოობით მეტი ენერგიის წყარო სჭირდებათ.“

კომპანიაში ამბობენ, რომ მზად არიან წარმოების გასაფართოებლად, რადგან სულ უფრო მეტ მომხმარებელს მოსწონს წყალმცენარის გემო.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

00:03:04
ზღვის წყალმცენარეებიზღვის წყალმცენარეები

Send this to a friend