ომით გამოწვეული ენერგოკრიზისი, ექსტრემალური კლიმატი მთელ მსოფლიოში და მეცნიერების გაფრთხილებები, რომ კაცობრიობა პლანეტის მომავლის გადასარჩენად საკმარისს არ აკეთებს. ამ ყველაფრის ფონზე იხსნება გაეროს კლიმატის რიგით 27-ე კონფერენცია ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში.
COP26 ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ყოველწლიური კონფერენციაა კლიმატის ცვლილების თაობაზე, რომელიც 1994 წლიდან იმართება და მასში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს. მას საფუძვლად უდევს 1994 წელსვე 197 სხვადასხვა ქვეყნის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც მხარეები თანხმდებიან, რომ მოახდენენ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის სტაბილიზაციას, რათა კლიმატის ცვლილებამ საშიშ ნიშნულს არ მიაღწიოს.
შარშან გამართულ კონფერენციაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლევანდელი წლისთვის უფრო ამბიციურ გეგმებს დასახავდნენ, თუმცა ჯერჯერობით, 193 ქვეყნიდან მხოლოდ 23-მა შეიტანა გაეროში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის განახლებული გეგმები.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი საკითხი დასახულ გეგმებისა და შეთანხმებების დანერგვა და სისრულეში მოყვანაა.
განხილვის კიდევ ერთ-ერთი მთავარი თემა განვითარებადი ქვეყნების მიერ წამოყენებული ინიციატივაა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციას ეხება. განვითარებად ქვეყნებში, სადაც ხშირად, ყველაზე მოწყვლადები არიან კლიმატური კატასტროფების მიმართ, მიიჩნევენ, რომ მდიდარმა ქვეყნებმა, რომლებიც მრეწველობის მაღალი დონითა და ემისიების დიდი რაოდენობით გამოირჩევიან, მათ კომპენსაცია უნდა გადაუხადონ. არსებობს იდეაც, რომ ამ მიზნით სპეციალური ფონდი შეიქმნას, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.
COP27 ექვს ნოემბერს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.