მთავარისაქართველომზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ორი წელი დარჩა,  პოლიტიკური ძალების დღის წესრიგში, 2024 წლის არჩევნებისათვის მზადება უკვე შემოდის.

ცოტა ხნის დამეგობრებული ოპოზიციური პარტიების – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ განცხადებით, ველაზე დემოკრატიული მექანიზმი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობა პრაიმერიზის საშუალებით გაირკვევა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ნამდვილ არჩევნებამდე, ამ პარტიების მხარდამჭერებში შიდა არჩევნები ჩატარდება. შედეგით კი საარჩევნო სიებში ასარჩევ პოლიტიკოსთა რიგითობა განისაზღვრება. იდეის ავტორ პარტიებში მიაჩნიათ, რომ ეს ყველაზე დემოკრატიული მექანიზმი იქნება.

“დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ერთიანობა ოპოზიციურ ფლანგზე. პრაიმერიზით, დაე ხალხმა გადაწყვიტოს თუ რა სიით წარვდგებით არჩევნებზე. ვინ სად იქნება და როგორ. თუმცა ეს უნდა მოხდეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებით. პრაიმერიზი სწორედ ამის საშუალებას მოგვცემს. ეს იქნება გამჭვირვალე სისტემა და არა კულუარული გადაწყვეტილება პოლიტიკური გარიგებებით. ჩემი აზრით, ვინც ამ მეთოდს არ უჭერს მხარს, ის მომხრეა ამ ძველებური წესების – პოლიტიკური გარიგებებით და კულუარებით შედეგის მიღება. ჩვენ ეს არ გვინდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციურ პარტიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მომხრე არის საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი, თუმცა პრაიმერიზით საერთო საარჩევნო სიების შედგენის იდეით ვერ იხიბლებიან.

„ამომრჩეველი ელოდება ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ გეგმავს ეს ალტერნატივა შესთავაზოს საზოგადოებას. „ლელოს“ დღის წესრიგია პარტიული გაძლიერება და მხარდამჭერების გაზრდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ალტერნატივას ელოდება დღეს დიდი რაოდენობით ჩვენი თანამოქალაქე, იმ ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნება“ და არც “ნაციონალური მოძრაობა”. „ლელო“ გეგმავს, რომ მსგავსი ალტერნატივა შესთავაზოს ამომრჩეველს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციონერ ოპონენტებს „პოლიტიკური ვნებების“ დაოკების რეკომენდაციას აძლევენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, 2024 წლის არჩევნებამდე ჯერ ადრეა და მათთვის იუმორის მომგვრელია ასეთი იდეების მოსმენა.

„ვფიქრობ, საარჩევნო ვნებები ამ ადამიანებს ცოტა ადრიანად შეეყარათ. ფიქრობენ, რომ ახლა უკვე დროა, 2 წლით ადრე. მოვუწოდებ, დაიკონ თავიანთი პოლიტიკური ვნებები და არჩევნები როდესაც იქნება, ყუთთან მისული ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს ვის დაუჭერს მხარს. ბარემ რუსთაველზე შევკრიბოთ ხალხი და ზეპირად ვკითხოთ ვინ სად უნდა დაინიშნოს და ბარემ იქვე მოვაწყოთ სახალხო არჩევნები. უნდათ პრაიმერიზები აწყონ და უნდათ სხვა რამე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა.

საქართველოს უახლესი ისტორიის პოლიტიკური დღიური აჩვენებს, რომ 2024 წლამდე პოლიტიკურ წრეებში მრავალფეროვანი იდეები გაჩნდება. პარტიების პოზიციებიც არაერთხელ შეიცვლება და სავარაუდოდ, ამომრჩეველს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოუწევს იმის გარკვევა, ესა თუ ის კანდიდატი რომელ საარჩევნო სიაშია და რომელი პარტიის სახელით გავა პოლიტიკურ ტატამზე.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend