გაეროში მიაჩნიათ, რომ გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად მსოფლიო საკმარისად არ მოქმედებს. გასულ წელს, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე ყველა მონაწილე ქვეყანა შეთანხმდა, რომ კლიმატთან დაკავშირებულ პოლიტიკას გააძლიერებდა, თუმცა წელს 193 ქვეყნიდან მხოლოდ 24 ქვეყანამ წარადგინა განახლებული გეგმა.
ექსპერტები ამბობენ, რომ სამი ძირითადი სათბური აირის – ნახშირორჟანგის, მეთანისა და აზოტის ოქსიდის მაჩვენებელმა ატმოსფეროში რეკორდულად მაღალ დონეს მიაღწია, რაც საგანგაშოა.
„გასულ წელთან შედარებით სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრმა ქვეყანამ ნახშირორჟანგის ემისიები შეამცირა. თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია და შედეგი ჯერ არ ჩანს”, – ამბობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი, პეტერი ტაალასი.
ორ კვირაში მსოფლიო ლიდერები გაეროს კლიმატის კონფერენციაზე ეგვიპტეში შეიკრიბებიან. კლიმატის ექსპერტების თქმით, გახშირდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შტორმები, მაღალი ტემპერატურა და წყალდიდობების რაოდენობა.
ისინი თვლიან, რომ მსოფლიომ სათბური აირების ემისიების შესამცირებლად უფრო სწრაფად და ეფექტიანად უნდა იმუშაოს.