ჩრდილოეთ უკრაინაში არავინ ელოდა, რომ ამ თავშესაფარში ადგილობრივებთან ერთად გერმანიის პრეზიდენტიც აღმოჩნდებოდა. პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, რომელსაც ადრე რუსეთთან შესაძლო კავშირების გამო აკრიტიკებდნენ, ახლა კიევში მისიით იმყოფებოდა. მას სურდა, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა უკრაინელებისთვის ბერლინის მხარდაჭერა.
იგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ეს იყო ერთგვარი ნიშანი იყო, რომ გერმანია აღასრულებს უკრაინისთვის მიცემულ პირობას საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით. ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე გახშირებული იერიშების ფონზე უკრაინა დასავლურ ქვეყნებს სთხოვს, რაც შეიძლება სწრაფად გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
გამართულ პრესკონფერენციაზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინელებს განუცხადა, რომ გერმანია უკრაინის მხარესაა და ასე იქნება მომავალშიც. გერმანია უკრაინას დაეხმარება ყველანაირად, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით და იმდენი ხანი, რამდენიც ეს საჭირო იქნება. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, გერმანია გმობს რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებს, რომლებიც ნაწილობრივ მობილიზაციასა და უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას გულისხმობს.
რუსული იერიშის ფონზე მოსკოვი კვლავ ამტკიცებს, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას გეგმავს. უკრაინა და დასავლელი ლიდერები უარყოფენ მოსკოვის ბრალდებას და აცხადებენ, რომ ეს არის ერთგვარი საბაბი, რომ რუსეთმა თავისი აგრესიული ქმედებები გააგრძელოს.
კიევის მოთხოვნის შემდეგ გაეროს ბირთვული ზედამხედველობის სამსახური რუსული პრეტენზიების გასაქარწყლებლად უკრაინაში 2 ინსპექტორს გაგზავნის.
ამავდროულად, რუსული ძალების მიერ ოკუპირებულ მელიტიპოლში ერთ-ერთი ტელევიზიის შენობასთან მომხდარი აფეთქება ტერორისტულ აქტად შეფასდა.