უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი დამატებით შენაერთებს აგზავნის სამხრეთის საკვანძო ქალაქ ხერსონში და მის დასაცავად ემზადება. ცოტა ხნით ადრე უკრაინის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსი სამხედროები ქალაქის დატოვებას აპირებდნენ. ოკუპანტებმა ქალაქი ხერსონი ომის დაწყებიდან მალევე დაიკავეს. ახლა უკრაინული ძალები მიიწევენ წინ, რუსი სამხედროები კი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში გაათავისუფლეს 90 სოფელი, რომლებშიც დაახლოებით 12 000 მშვიდობიანი მოსახლეა.
დასავლეთის ქვეყნები ამტკიცებენ, რომ რუსეთი იმ ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას გეგმავს, რომელიც რადიოქატიურ ნივთიერებას შეიცავს.
უკრაინელი სამხედროების წარმატებული წინსვლის ფონზე რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დასავლელ კოლეგებს განუცხადეს, რომ რუსეთი კი არა, კიევის ხელისუფლება გეგმავს ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას.
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათ უარყვეს რუსეთის მიერ წარდგენილი ბრალდებები და კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა უკრაინას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მიიტანეს სამი სარაკეტო იერიში, რომლებმაც ხარკივისა და დონეცკის რეგიონებში ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანება გამოიწვია.
მათ ზაპორიჟიის რეგიონში 10 სოფელი დაბომბეს, სამხრეთით კი – რვა სოფელი.
ორშაბათს კიევის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა, რომ სწორედ მან შეაფერხა თურქეთიდან უკრაინის პორტებში მარცვლეულის დასატვირთად მომავალი 165-ზე მეტი სატვირთო გემის ჩამოსვლა.