ორშაბათს, დილით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სენტ-ლუისის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა მოსწავლემ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი მასწავლებელი და ერთი მოზარდი გოგო, დაჭრილია 6 პირი. პოლიციამ თავდამსხმელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შეშინებული მოსწავლეები სხვადასხვა გზით ცდილობდნენ შენობის დატოვებას.
სენტ-ლუისის პოლიციის კომისარი მაიკლ საკი ამბობს, რომ დილით, დაახლოებით 9 საათზე, მათთან ზარი შემოვიდა, რომ სკოლაში შეიარაღებული პირი იყო შეჭრილი. შემთხვევის ადგილზე მაშინვე მივიდნენ პოლიციელები და შენობაში შევიდნენ. დამნაშავე ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა.
ოფიციალურ პირებს ყველა დაზარალებულის ვინაობა არ გაუმხელიათ, მათ მხოლოდ ერთი მასწავლებლის ჯინ კუჩკას გარდაცვალება დაადასტურეს.
ადგილობრივ საავადმყოფოში 8 პირი გადაიყვანეს. ერთი ქალი საავადმყოფოში მიყვანის დროს გარდაიცვალა. ერთი გოგოს ცხედარი ჯერ კიდევ შემთხვევის ადგილზეა. ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
თავდამსხმელი 19 წლის ორლანდო ჰარისი აღმოჩნდა. მან ეს სკოლა გასულ წელს დაამთავრა. პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია დამნაშავის ქმედების მოტივი. პოლიციელების განცხადებით, ორლანდო ჰარისს არ ჰქონია კრიმინალური წარსული.