უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ქალაქი იზიუმი რუსული ოკუპაციის ქვეშ მოექცა. იზიუმის საავადმყოფო იმ მძიმე პერიოდის განმავლობაში, არაერთი სირთულის მიუხედავად, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება იყო, რომელსაც მუშაობა არ შეუჩერებია. ექიმების, ექთნებისა და სამედიცინო პერსონალის მცირე ჯგუფი საავადმყოფოში დარჩა და ადამიანების დახმარება და გადარჩენა გააგრძელა. ისინი ახლა ცივი ზამთრისთვის ემზადებიან.
ექვსთვიანი რუსული ოკუპაციის შემდეგ იზიუმის საავადმყოფოს პერსონალი ზამთრისთვის ემზადება. საავადმყოფო ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება იყო, რომელსაც მუშაობა არ შეუჩერებია მაშინაც კი, როდესაც ქალაქს მარტის დასაწყისში რუსმა სამხედროებმა გადაუარეს. ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში მოსალოდნელი საფრთხის გამო მედპერსონალმა საოპერაციოები საავადმყოფოს სარდაფში მოაწყო.
იური კუზნეცოვი, რომელიც ტრავმატოლოგია იზიუმის საავადმყოფოში, ჰყვება, რომ სარდაფში ორი ბორბლიანი საკაცე ჰქონდათ, რომლებსაც საოპერაციო მაგიდების ნაცვლად იყენებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ იზიუმი რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული, ექიმების, ექთნებისა და პარამედიკოსების მცირე რაოდენობა მაინც დარჩა ქალაქში. მათ მიაჩნდათ, რომ ქალაქში მყოფი დაჭრილი ან ავადმყოფი ადამიანებისთვის ერთადერთ იმედს წარმოადგენდნენ.
იური კუზნეცოვის თქმით, ლოგისტიკა სრულად იყო მოშლილი, უკრაინის სხვა რეგიონებთანაც გაწყდა ყოველგვარი კავშირი. ისინი პაციენტთა ევაკუაციასაც ვერ ახერხებდნენ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად იყვნენ.
პაციენტები ფიქრობენ, რომ ქირურგიც და მისი გუნდიც ნამდვილი გმირები არიან, რადგან თავიანთ ვალდებულებად დარჩენა და ადამიანების დახმარება მიიჩნიეს. ბევრი გაიქცა, საავადმყოფო თითქმის დაცარიელდა, თუმცა რამდენიმე ექიმს წასვლა არც უფიქრია. ერთ-ერთი პაციენტი ვადიმ ნაზაროვი მადლობას უხდის იმ ექიმებს, რომლებსაც, საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, არ მიუტოვებიათ საავადმყოფო და რომლებმაც მრავალი ადამიანი გადაარჩინეს. აქ ყველამ იცოდა, რომ, თუ ამ სარდაფში მოვიდოდა, აუცილებლად დაეხმარებოდნენ.
საავადმყოფოს ტერიტორიაზე უკრაინელი გამნაღმველები მუშაობენ და ნელ-ნელა ასუფთავებენ იქაურობას. თუმცა ის ჭრილობა, რომელიც რუსეთმა უკრაინელებს მიაყენა, დიდი ხნის განმავლობაში დარჩება საზოგადოების გულებსა და წარმოსახვაში.