ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ დღეს, 21 ოქტომბერს უდანაშაულოდ ცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.
„სასამართლოს გადაწყვეტილება: ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირბელი ნაწილით, საუბარია 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მაისი განჩინებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება სახით გირაო. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ნიკოლოზ ბასილაშვილს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი. რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებას, ელექტრონული დისკები შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, – განაცხადა მოსამართლემ.
განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.