ესპანეთში იზრდება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომელთაც საკუთარი სახლის შეძენა სურთ, თუმცა მათ უმეტესობას ამის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ზოგიერთ მათგანს მხოლოდ მცირე დანაზოგი აქვს. ვითარებას ართულებს მაღალი ფასები და არასტაბილური მდგომარეობა და დასაქმების თვალსაზრისით არსებული პრობლემები.
მანუელმა, ერთ-ერთმა ესპანელმა ახალგაზრდამ, სახლის შესაძენად დანაზოგი გამოიყენა, თუმცა თანხა არ ეყო და დახმარებისთვის ნათესავებს მიმართა. ახლა მას თავისი სახლი აქვს.
თუმცა 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდათა დიდი ნაწილისთვის ეს პრობლემური საკითხია. ისინი ან ნაქირავებ ბინაში ან სხვა ახალგაზრდებთან ერთად საზიარო სახლში ცხოვრობენ.
მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ მათი გადასაწყვეტი არაა, როგორ იცხოვრონ.
უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალგაზრდების 50 პროცენტზე მეტი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რადგან მათ საკუთარი სახლის შეძენის საშუალება არ აქვთ.
ესპანეთში დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მათ არც საჭირო პროდუქტებზე მიუწვდებათ ხელი და ყველანაირად ეტყობათ, რომ ღარიბები არიან. საჭმლის მისაღებად რიგში დგომაც ეუხერხულებათ, რადგან ვერ უძლებენ დაუნდობელი საზოგადოების მზერას.
ფსიქოლოგ ფერნანდო ჩაკონს მიაჩნია, რომ სოციალური პრობლემა კიდევ უფრო ურთულებს ამ ადამიანებს ცხოვრებას, რადგან საზოგადოება მათგან შორს იჭერს თავს. ხალხს არ სურ მათთან კონტაქტი და ხშირად ისინი იზოლირებული არიან. შესაბამისად, უფრო მეტად რთულდება გაჭირვებული ადამიანების საზოგადოებასთან ინტეგრაცია.
საზოგადოებისგან თავი გარიყულად რომ არ იგრძნონ გაჭირვებულმა ადამიანებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკვების მიმღები პუნქტების სუპერმარკეტებად გადაკეთება დაიწყეს. აქ მზა კერძების ნაცვლად ვაუჩერებით ან სპეციალური კოდის გამოყენებით არის შესაძლებელი პროდუქტების შეძენა.