„უმბერტო ეკო მაგალითად წერდა ამ კალამზე, ეს კალამი არის სულის მქონე და ამ კალმით ნაწერსაც აქვს სული“, – ამბობს კალიგრაფი დავით მაისურაძე.
კალიგრაფია არ არის უბრალოდ ლამაზად წერა, ეს ისეთივე ხელოვნებაა, როგორიც, მაგალითად, მხატვრობა, ან მუსიკა – ასე ფიქრობს კალიგრაფი დავით მაისურაძე. ის მიიჩნევს, რომ კალიგრაფია არათუ წარსულის, არამედ მომავლის პროფესიაა.
„სიტყვის ვიზუალიზაციის ყველაზე მარტივი და ამავე დროს გენიალური ხერხი, ეს არის დამწერლობა, ხოლო კალიგრაფია არის დამწერლობის იდეალური ფორმა. კალიგრაფია თანამედროვე ციფრულ სამყაროში კიდევ უფრო აქტუალური გახდა, იმიტომ, რომ დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ისეთი თანამედროვე რამ , როგორიც არის ბრენდინგი კალიგრაფიისა და ტიპოგრაფიის გარეშე.
მსოფლიოში საკმაოდ ბევრი დამწერლობა არსებობს, თუმცა მათ შორის ქართული ჩემთვის არის გამორჩეული, არამარტო იმიტომ, რომ ქართველი ვარ. მე ვფიქრობ, რომ ქართულ დამწერლობას აქვს ერთი ნიშანი, რომლითაც იგი გამოირჩევა მსოფლიოს სხვა დამწერლობებისგან. ისტორიული თვალსაზრისით ეს არის მუდმივი ძიება იდეალური ფორმებისა, მიდრეკილია აქეთკენ ქართველი კალიგრაფი, და მრავალფეროვნებისკენ, სითამამე ახასიათებს. ამან გამოიწვია ის, რომ ქართული კალიგრაფია შეიცვალა და რადიკალურად შეიცვალა შექმნიდან დღემდე“, – ამბობს კალიგრაფიის კურსის ხელმძღვანელი დავით მაისურაძე.
მათთვის, ვისაც ამ უძველესი პროფესიის შესწავლა სურს, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ ორსაუკუნიანი წყვეტის შემდეგ კალიგრაფიის სკოლა გახსნა. საუკუნეების მანძილზე ქართული დამწერლობა არაერთხელ შეიცვალა და დაიხვეწა. ასე მოვიდა დღემდე ქართული ანბანის სამი სახეობა – კალიგრაფიის სკოლაში მოსწავლეები სამივე ანბანის 30-მდე განშტოებას შეისწავლიან.
„ქართული კალიგრაფიის სკოლა, თითქოს მარტივად ჟღერს, მაგრამ თუ გულწრფელები ვიქნებით ჩვენ თავთან, ეს არც ისე ჩვეული ფრაზაა და ძალიან ძველი ამბავია. საუკუნეების წინ იღებს სათავეს და შეიძლება ბევრმა არც იცის ჩვენს საზოგადოებაში, რომ ქართული კალიგრაფიის ხელოვნებას აქვს მინიმუმ მეხუთე საუკუნიდან თავისი საწყისები, როგორც ხელოვნებას. სკოლა როგორც ასეთი, როგორც ჩანს, ისევ ელოდებოდა საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინტერესი დიდი იქნება. იმიტომ, რომ თუკი ჩვენ რაიმეთი ვამაყობთ, ლიტერატურით, ბრძოლებით, არქიტექტურით თუ ჩვენი სამზარეულოთი ამ ყველაფრის შესახებ ცოდნა რამაც მოგვიტანა, ალბათ, ფაბულა და ბაზისი ეგ არის. ის, რომ ჩვენ გვაქვს გენეტიკური კოდი ასეთი კალიგრაფიული ხელოვნებისა და წიგნის შექმნის ხელოვნებისა, ალბათ ამას უნდა მივაწეროთ ჩვენში ამდენი პოეტიც, ამდენი არქიტექტორიც და ამოდენა ძალიან დიდი გმირული საქმეები“, – ამბობს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორი, ნესტან ბაგაური.
ინტერესი მართლაც დიდია. სკოლაში უკვე ჩაირიცხა 30-მდე მოსწავლე. ზოგიერთმა მათგანმა კალიგრაფიის შესწავლა საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე გადაწყვიტა, ზოგიც ამ სკოლაში უბრალოდ ქართული დამწერლობის სიყვარულმა მიიყვანა.
სკოლის დამფუძნებლებს სჯერათ, რომ სანამ იარსებებს ადამიანი და იმის საჭიროება, რომ სიტყვა იყოს უკვდავყოფილი, მანამდე იქნება ამ სიტყვის ვიზუალიზაციის საჭიროებაც – რასაც კალიგრაფია იდეალურად ართმევს თავს.
გიორგი ბოლქვაძე