მთავარი აზია ირანი ირანელმა მეკლდეურმა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა ჰიჯაბის გარეშე მიიღო

ირანელმა მეკლდეურმა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა ჰიჯაბის გარეშე მიიღო

ირანელი მეკლდეური ელნაზ რეკაბი სამშობლოში დღეს დილით დაბრუნდა. ის სამხრეთ კორეაში გამართულ ერთ-ერთ ტურნირში იღებდა მონაწილეობას, სადაც ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა. ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ქალი სპორტსმენებისთვის, ჰიჯაბის ტარება ყველა ტურნირზე სავალდებულოა.

ელნაზ რეკაბის მხარდამჭერები ფიქრობდნენ, რომ ჰიჯაბის გარეშე ასპარეზი სპორტსმენმა ირანში მიმდინარე მოვლენების გამო გადაწყვიტა და წუხდნენ მის უსაფრთხოებაზე მას შემდეგ რაც ის ირანში დაბრუნდებოდა. თავად სპორტსმენმა კი ამ ფაქტს „უნებლიე“ უწოდა.

„ეს უნებლიედ მოხდა. ყველაფერი, რაც ინტერნეტის საშუალებით განვმარტე, სიმართლეა“, – ასეთი კომენტარი 33 წლის მეკლდეურმა, ირანში დაბრუნებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გააკეთა. მანამდე კი ინტერნეტის საშუალებით განმარტა, რომ თავსაბურავი, ასპარეზობის დროს, სრულიად შემთხვევით მოსძვრა.

„მოულოდნელად დამიძახეს და მითხრეს, რომ უნდა მეასპარეზა. ფეხსაცმლისა და ტექნიკური აღჭურვილობის ჩაცმით ვიყავი დაკავებული და ჰიჯაბით შემოსვა დამავიწყდა. ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა“, – იხსენებს სპორტსმენი.

სეულში გამართული საერთაშორისო ტურნირის დროს ელნაზ რეკაბის ასპარეზის ამსახველი ვიდეოკადრები, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ირანში, საპროტესტო აქციების მხარდამჭერებმა, სპორტსმენს გმირი უწოდეს.  ისინი წუხდნენ სპორტსმენის უსაფრთხოებაზე. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელნაზ რეკაბი ირანში დაბრუნებამდე, სეულში ირანის საელჩოში გადაიყვანეს, ჩამოართვეს ტელეფონი, პასპორტი და უზრუნველყვეს, რომ მას არავისთან ჰქონოდა კონტაქტი. თუმცა, ამ ინფორმაციას თავად ათლეტი არ ადასტურებს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ არავინ იცოდა სად იყავით 24 თუ 48 საათის განმავლობაში.“

„არა, ეს ასე არ არის. ჩვენ გეგმის მიხედვით, მშვიდად დავბრუნდით ირანში. თუმცა, დიდი დაძაბულობა და სტრესი გამოვიარე.“

ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქებში უკვე ერთ თვეზე მეტია საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მთავრობა კი სასტიკად უსწორდება დემონსტრანტებს. 16 სექტემბრიდან დღემდე დაიღუპა 220-ზე მეტი, დაშავებული და დაკავებულია ასობით პირი.

ირანში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყა. ის 16 სექტემბერს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო, მორალის პოლიციამ დააკავა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მაჰსა ამინის მორალის პოლიციამ სცემა.

ამ დღის შემდეგ, ირანში გამართულ აქციებზე, გამორჩეულად აქტიურობენ ქალები. პროტესტისა და გლოვის ნიშნად, თავსაბურავის გარეშე სიარულმა, მისმა დაწვამ ან თმის საჯაროდ შეჭრამ, მასობრივი სახე მიიღო. აქციის მონაწილეებს არ აქვთ პოლიტიკური ან სხვა მოთხოვნა. მათი მთავარი ლოზუნგია –  „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.

უახლესი

სხვა ამბები

ჰიჯაბიჰიჯაბი

Send this to a friend