მთავარისპორტიკვარაცხელიას გავლენა

კვარაცხელიას გავლენა

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, საქართველოში ყველა დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ფეხბურთის მიმართ. მთავარი მიზეზი კი 2022 წლის ზაფხულს ნაპოლში გადასული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.

ყველა მოუთმენლად ელის იტალიის ჩემპიონატისა თუ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, რომ საქართველოს ნაკრების შემტევის თამაში იხილოს.

„მე არ ვუყურებდი საერთოდ მაგრამ ხვიჩას გამო დავიწყე. აუ, არ ვიცი ძალიან გახარებული ვარ და ძალიან მიხარია. ქართველი ფეხბურთელი ესეთი წარმატებული რომ არის”, – ამბობს ნანუკა.

კვარაცხელიას კიდევ ერთი გულშემატკივარი ალექსანდრე ამბობს, რომ ნაპოლის თამაშებს მოუთმენლად ელის.

„დილიდან ველოდები ამ მომენტს. ემოციებით სავსე ვარ. რომ გამოვდივარ ერთი სული მაქვს მეორე თამაში როდის დაიწყება. კვარას… კვარაცხელიას, რა თქმა უნდა, ბურთის ყოველ მიღებაზე ვგულშემატკივრობ“, – ამბობს ალექსანდრე.

ლევან საგინაშვილმა კი კვარაცხელიას გამო ახალი იტალიური გუნდის გულშემატკივრობა დაიწყო.

კვარას ძალიან დიდი ხანია ვქომაგობ. იმის მიუხედავად, რომ იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ, გამხადა ნაპოლი გულშემატკივარი… ძალიან მიხარია“, – ამბობს სპორტსმენი.

კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის თამაშების ნახვა კი უკვე კინოთეატრშიცაა შესაძლებელი.

„ეს არის გამოცდილება, რომელიც ვფიქრობ, რომ უნდა მიიღო გამოცდილება თუ ხარ ქომაგი. განსაკუთრებით ისეთი სპორტული მოვლენების, როგორიც დღეს არის ნაპოლი აიაქსის დაპირისპირება. ვიცით რომ აქ მთავარი არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც თავისი საუცხოო თამაშით გვანებივრებს“, – ამბობს კავეას მარკეტინგის მენეჯერი ნინო სიხარულიძე.

ალექსანდრე რესბარაშვილი კვარაცხელიას თამაშს კინოთეატრში უკვე მეორედ უყურებს. აქ მოსულებს განსხვავებული ატმოსფერო ხვდებათ.

ნანუკასთან ერთად მოსული ლუკა ამბობს, რომ კინოთეატრში გარემო ძალიან კარგია.

„ძალიან მომწონს გარემო. სახლში ჯდომას აქ ყურება მირჩევნია.“

„კინოში უფრო მეტი მუღამი აქვს. უფრო მეტად ჩართული ხარ. ჩავთვალოთ, რომ სტადიონზე ხარ, ისეთი ატმოსფერო აქვს“, – ამბობს ალექსანდრე.

სპორტული ჟურნალისტს ბიძინა ბარათაშვილს მიაჩნია, რომ კვარაცხელიას წარმატებას შეუძლია პირდაპირი გავლენა ჰქონდეს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე.

„ეს არის სტიმული. თვითონ ფეხბურთელებისთვის. თანაგუნდელებისთვის, ნაკრების წევრებისთვის. არც არის აუცილებელი ეს თანაგუნდელი იყოს. უბრალოდ ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის ეს არის იმის მანიშნებელი, რომ მათაც დაუღალავი და მუხლჩაუხრელი შრომის შემთხვევაში შეუძლიათ ანალოგიური წარმატებით წარმართონ თავიანთი კარიერა”, – მიიჩნევს სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი.

ამავდროულად ბიძინა ბარათაშვილი ამბობს, რომ ქართველი სპორტსმენის წარმატება საზოგადოებაზეც დადებითად აისახება.

მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ასაკისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა ხვიჩას გარშემო ყველა ერთიანდება და გვერდიგვერდ ჯდება ნაპოლის თამაშის საყურებლად და გულშემატკივრობს ხვიჩა კვარაცხელიას.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend