მთავარისაქართველოპარლამენტის ბიუროს წარედგინა კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ

პარლამენტის ბიუროს წარედგინა კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა. ის შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.

კანონპროექტი ისე დაინიცირდა, რომ მას თანმდევი კანონის პროექტები თან არ ახლავს. ოპოზიციის ნაწილისთვის კანონპროექტი მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ უკრაინული მოდელი ქართულ რეალობას ვერ მოერგება და არ იმუშავებს.

„თეორიულად „ქართულ ოცნებას“ ექნება მარტივი თავის დასაძვრენი, რომ ხომ დამავალეთ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, ოლიგარქებთან დაკავშირებით ერთადერთი პრეცედენტი აქვს უკრაინას და გადმოვიღე უკრაინული კანონი. თავის დაძვრენის საშუალება „ქართულ ოცნებას“ ექნება, მაგრამ რეალურად, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნახსენები არ იქნება“, – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

დეოლიგარქიზაციაზე როდესაც არის საუბარი, ევროკავშირი რასაც გულისხმობს, ეს არის, რომ ჩვენს ქვეყანაში დასრულდეს სახელმწიფოს მიტაცება კერძო ინტერესების მიერ და ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფო. ამიტომ, მე გეტყვით, რომ არ არსებობს კანონპროექტი ბუნებაში, რომელიც დღეს შეიძლება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა უმრავლესობამ პარლამენტში მიიღოს, იმისთვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნა“, – აღნიშნა „ლელოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს ვენეციის კომისიიდან. ზოგადად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ პრობლემა არა რომელიღაც მდიდარი ადამიანია, ივანიშვილი იქნება თუ ვინც გინდა, ის იყოს, არამედ მმართველობითი სისტემა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ერთ ადამიანს, მართოს მთელი ქვეყანა“, – თქვა „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომლის შესასრულებლადაც ხელისუფლებას ვადა რადენიმე თვე რჩება. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, კანონპროექტის მიხედვით რა შემთხვევაში მიიჩნევა პირი ოლიგარქად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მიუხედავად ოპოზიციის სურვილისა – კანონპროექტი კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ მოერგება.

„ჩვენ ობიექტურ კრიტერიუმად აღებული გვაქვს უკრაინული მოდელი, რომ ვინმემ რაიმე ფორმით კითხვის ნიშნები არ დასვას, რომ გავრცელებულია ხომ ეს მიდგომა, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა მოვიაზროთ 100%-ით ამ კანონის ქვეშ და ოლიგარქად მივიჩნიოთ და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ დაესვა ვინმეს, რომ ლოიალობა გამოვიჩინეთ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან დაკავშირებით, რომელმაც შექმნა ეს გუნდი, ახლა გავიდა პოლიტიკიდან, თუმცა მაინც ლოიალურები ვიყავით და რაღაც ჩვენი ინტერესის შესაბამისად რაღაც გავაკეთეთ – ეს რომ არ დაებრალებინა ვინმეს, ამიტომ ავიღეთ უკრაინული მოდელი“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინულ მოდელს, უკრაინაში მიღებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ადგენს კრიტერიუმებს იმის შესახებ, ვის შეიძლება ეწოდოს ოლიგარქი. ამასთან, დოკუმენტი ავალდებულებს პოლიტიკოსებსა და სხვა ოფიციალურ პირებს, ღიად განაცხადონ მათი კონტაქტების შესახებ ოლიგარქებთან და მათ წარმომადგენლებთან.

კანონი უკრძალავს ოლიგარქებს დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური რეკლამები, დემონსტრაციები. ამ კანონის თანახმად, საბოლოოდ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო განსაზღვრავს, ვინ არის ოლიგარქი.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ ისევ პარლამენტს დაუბრუნდება განსახილველად.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend