ევროპარლამენტმა კენჭი უყარა და 602 ხმით მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომელიც მობილური ტელეფონებისა და პლანშეტებისთვის საერთო დამტენის შემოღებას ითვალისწინებს. 2024 წლის შემოდგომიდან ყველა ევროპელს მცირე ზომის მოწყობილობისთვის მხოლოდ ერთი – USB-ის ტიპის დამტენი დასჭირდება. 2026 წლიდან კი ეს ლეპტოპებსაც შეეხება.
ევროპარლამენტარი მალტიდან ალექს აგიუს სალიბა ამბობს, რომ ამ კანონპროექტში გათვალისწინებულია 14 კატეგორიის პროდუქტი, მათ შორისაა მობილური ტელეფონები, ყურსასმენები, პლანშეტები. დამტენებთან დაკავშირებით კანონი ძალაში 2024 წლის შემოდგომიდან შევა.
ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლები წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ ევროკავშირის მცდელობას დატენვის ტექნოლოგიების სტანდარტიზაციასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ყველა მწარმოებელზე გავრცელდება. თუმცა ყველაზე მეტად კომპანია „ეფლი“ დაზარალდება.
ალექს აგიუს სალიბას განცხადებით, კომპანია „ეფლსაც“ მოუწევს, დაემორჩილოს ევროკავშირის მიერ მიღებულ წესებს, რომლებიც 2024 წლიდან ამოქმედდება.
ახლა ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა მიიღონ.
კანონი მხოლოდ ამის შემდეგ შევა ძალაში. წევრ ქვეყნებს 12 თვე ექნებათ წესების შესაცვლელად, ასევე დამატებით 12 თვე – გარდამავალი პერიოდისთვის, სანამ საბოლოოდ ამოქმედდება კანონი.