ალბრეხტ დიტრიხი იგივე ჯეკ ბარსკი 1978 წლიდან 1988 წლამდე აშშ – ში საბჭოთა კავშირის ჯაშუში იყო. აშშ – ის ფედერალური გამოძიების ბიურომ ჯეკ ბარსკი 1997 წელს დააკავა. დღესდღეობით ჯეკ ბარსკი აშშ – ში ცხოვრობს.
„ევრონიუს ჯორჯია“ ყოფილ ჯაშუშს ესაუბრა.
ჟურნალისტი : მოგესალმებით, ბატონო ბარსკი, დიდი მადლობა, დროს რომ გვითმობთ.
ჯეკ ბარსკი : გამარჯობა, დიდი სიამოვნებაა არაჩვეულებრივ, ქართველ ხალხთან საუბარი.
ჟურნალისტი : ბატონო ბარსკი, რა იყო თქვენი მისია ამერიკის შეერთებულ შტატებში?
ჯეკ ბარსკი : იცით, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ჩემთვის არასოდეს უთქვამთ, თუ რა მისია მქონდა, მაგრამ წლების შემდეგ ჩემ მიერ ჩატარებული კვლევით შევიტყვე, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემნაირი ადამიანები ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონოდ ყოფილიყვნენ, ვინაიდან ცივი ომის ყველაზე დაძაბულ წლებში ყოველთვის არსებობდა იმის ალბათობა, რომ საბჭოთა დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებდნენ. ამ დიპლომატთა უმრავლესობა კი ასევე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის აგენტები იყვნენ. თუ დიპლომატებს გააძევებდნენ, საბჭოთა აგენტებიდან ადგილზე მხოლოდ ჩვენ დავრჩებოდით. ჩვენ კი დაახლოებით ათნი ვიყავით, მათ მიერ გაწვრთნილი და წარგზავნილი. მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი.
ჟურნალისტი : სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მსგავს ორგანიზაციას რა როლი ჰქონდა საზოგადოების ცხოვრებაში?
ჯეკ ბარსკი : საბჭოთა კავშირში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ყოვლისმომცველი იყო. ისინი ქვეყნის შიგნით სამართალდამცველები იყვნენ, სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ კი ჯაშუშები, აწარმოებდნენ კონტრდაზვერვით სამუშაოსაც. საპოლიციო და სადაზვერვო ორგანიზაციებიდან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ყველაზე დიდი იყო მთელ მსოფლიოში. სხვა სახელმწიფოებში ამ მიმართულებებს რამდენიმე უწყებას ჩააბარებდნენ, მაგრამ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი გახლდათ უსაფრთხოების ის აპარატი, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირს მართავდა.
ჟურნალისტი : რა დატვირთვა ჰქონდა იდეოლოგიურ მიმართულებას სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მსგავსი ორგანიზაციის საქმიანობაში?
ჯეკ ბარსკი : იმ დღეებში იდეოლოგია უმთავრესი და ერთგვარი გასაღები იყო. აუცილებელი იყო ამ იდეოლოგიის რწმენა, აუცილებელი იყო კომუნისტური მისიის რწმენა, ჩვენ გვჯეროდა, რომ მომავალი ჩვენი იყო. ჩვენ გვჯეროდა, რომ საბოლოო ჯამში გავიმარჯვებდით, კომუნიზმი კი მთელ მსოფლიოზე იბატონებდა. ასე გამზარდეს მე და მე ამის მჯეროდა, სანამ 40 წლის გავხდებოდი. შემდეგ კითხვები გამიჩნდა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობდი და აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ, რასაც გვასწავლიდნენ, ტყუილი იყო.
ჟურნალისტი : ბატონო ბარსკი, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მუშაობისას ვინმეს ხომ არ შეხვედრიხართ საქართველოდან?
ჯეკ ბარსკი : არა, არ შევხვედრივარ
ჟურნალისტი : და ჩემი ბოლო კითხვა – რომ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით
ჯეკ ბარსკი : პირველ რიგში, მსურს გითხრათ, რომ ვლადიმერ პუტინის მოტივაცია ჩემთვის გასაგებია. მისი აზრით, მას ნატო ავიწროებს და ეს საფრთხედ მიაჩნია, მაგრამ ეს არ არის გამართლება იმისა, რომ უკრაინაში შეიჭრას და ქალები და ბავშვები დახოცოს. ეს არასწორია და ასე საქმე არ კეთდება, საშინელებაა, ეს არის ის, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ.
ჟურნალისტი : დიდი მადლობა, ბატონო ბარსკი, გისურვებთ წარმატებას.
ჯეკ ბარსკი : თქვენც ასევე, ნახვამდის!