მას შემდეგ, რაც უცვლელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ომი თითოეულ მოქალაქეს შეეხო და ტრადიციული რუსული დევიზით – „სამშობლოსთვის“ მობილიზაცია დაიწყო, რეზერვისტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ. ქალაქ პერმში რეზერვისტები ავტობუსებთან იკრიბებიან მცირე ბარგით და იმ ომში მიდიან, საიდანაც ცოცხლად დაბრუნების შანსი ალბათ არც ისე დიდი ექნებათ. ეს იციან მომავალი მებრძოლების ახლობლებმაც და ამას თავადაც კარგად ხვდებიან. თუმცა, მათთვის არავის უკითხავს სურთ თუ არა უკრაინაში საომრად წასვლა. ან იცოცხლებენ თუ არა. მათ ნებას ახლა რუსული საპოლიციო ძალები აკონტროლებენ.
„მე ორი შვილი, ცოლი და მოხუცი დედა დავტოვე. ოჯახში მხოლოდ მე ვარ, ვინც მათ არჩენს. ახლა არ ვიცი რა ეშველებათ. ჯარში მსახურობისას არტერიული ჰიპერტენზია დამიდგინეს და სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ, დამითხოვეს. ახლა არავის აინტერესებს რა მჭირს. სამხედრო გაწვევა მომივიდა და მეც მივდივარ“, – ამბობს რეზერვისტი დმიტრი პერმიდან.
მოძმე ერის დასახოცად რუსეთის მოქალაქეებს ომში გასავლელი გზა დაულოცა პატრიარქმა კირილმა. მოტივაციის ასამაღლებლად და მებრძოლების გასათამამებლად, მართლის მადიდებელმა სულიერმა წინამძღვარმა წირვაზე თქვა, რომ ვინც ომში დაიღუპება, ცოდვები ყველას მიეტევება და სამოთხეში მოხვდებიან.
„ვიცით, რომ ბევრი იღუპება ბრძოლის ველზე. ეკლესია ლოცულობს, რომ ეს ომი მალე დასრულდეს. რომ რაც შეიძლება ნაკლები ძმა მოკლან ამ ძმათამკვლელ ომში. ამავდროულად, რუსეთის ეკლესიამ იცის თავისი მოვალეობა და ვალდებულება. ვინც თვაისი სამხედრო ფიცის და სამშობლოს ერთგული დარჩება და მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპება, ეს მსხვერპლი ყველა ცოდვას განბანს მათ“, – განაცხადა პატრიარქმა.
ბევრი ძალით, ნაწილი კი ნებით, უკრაინაში წასასვლელად და სასტიკ ომში ჩასაბმელად იკრიბებიან. ზოგიც ქვეყნიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს ომს ან ციხეს. მობილიზაციისა და რუსეთიდან გაქცევის პარალელურად, საპროტესტო აქციებიც მწიფდება.