პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან, დილიდან ბევრი ველოსიპედისტი იყო შეკრებილი. 22 სექტემბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით „დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, რომ მოქალაქეებმა სულ რაღაც ერთი დღით დაივიწყონ თავიანთი პირადი ავტომობილი და ქალაქში ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდნენ. თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ველომსვლელობა გაიმართა.
„თითქმის ყოველთვის ველოსიპედით ვკატაობ და მიყვარს ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა. ამიტომაც გადავწყვიტე ამ გუნდს შევუერთდე და ვიხალისო,“ – ამბობს ველომსვლელობის მონაწილე დავით ავეტისოვი.
„გარდა იმისა, რომ ველოსიპედი არის ჯანმრთელი და სწორი ტრანსპორტი, ის ასევე არის ერთ-ერთი გამოსავალი დღევანდელ სატრანსპორტო ჯუნგლებში, რაც ქალაქში გვხვდება. სამწუხაროდ მეტრო ვერ ვითარდება, რადგან ძალიან ძვირია. თუმცა, რაღაც ალტერნატივები მოსაძებნია იმიტომ, რომ ამდენი მანქანა ვეღარ ეტევა,“ – ამბობს ალექსანდრე კვატაშიძე, რომელიც დაბინძურებული ჰაერის გამო ქალაქში ველოსიპედით აღარ გადაადგილდება.
მონაწილეებმა სტარტი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან აიღეს. მსვლელობის მთავარი გზავნილია, ნულამდე შემცირდეს ტრანსპორტით გამოფრქვეული ემისიები, რისი მიღწევაც მდგრადი ტრანსპორტის განვითარებით, კერძო ავტომობილების მოხმარების შემცირებითა და ეკომეგობრული ტრანსპორტის გამოყენებითაა შესაძლებელი. მთავარი მიზანი კი სატრანსპორტო სისტემის განვითარებით მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
„ამ კვირეულის, რომელიც ათწლეულების წინ ევროპაში დაინერგა, მთავარი მიზანია, რომ გადმოვსხდეთ კერძო ავტომობილებიდან, ვიაროთ მეტი ფეხით, ველოსიპედით, ალტერნატიული ტრანსპორტით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა განიტვირთოს ქუჩები, რათა უკეთესი ჰაერი იყოს. ეს ყველაფერი ჯანსაღი ცხოვრების წესს და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება,“ – ამბობს მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავჯდომარე ეკა ლალიაშვილი.
ველომსვლელობა, რომელიც საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, დედაენის ბაღში დასრულდა.
“თბილისი 2000 სხვა ევროპულ ქალაქთან ერთად აღნიშნავს დღეს, როდესაც მოქალაქეები ავტომობილებით არ უნდა მოძრაობდნენ. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ყურადღება მივაქციოთ ჰაერის დაბინძურების პრობლემას, განსაკუთრებით კი თბილისში, სადაც ყველაზე მეტადაა ჰაერი დაბინძურებული ავტომობილების გამონაბოლქვის გამო,” – ამბობს გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.
“დანიაში ათიდან ცხრა ადამიანი ყოველდღიურად ველოსიპედით გადაადგილდება. ეს გარემოსთვის სასარგებლოა, რადგან მცირდება მანქანის გამონაბოლქვი. ეს ასევე სასარგებლოა მოქალაქეების ჯანმრთელობისთვისაც,” – განაცხადა საქართველოში დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა.
„საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების, მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად სტუდენტებმა და აქტივისტებმა ველომსვლელობით აღნიშნეს, თუმცა დედაქალაქის მოსახლეობის უმეტესობა, კვლავ ავტომობილით გადაადგილდება.
თორნიკე კოპლატაძე