მთავარი საქართველო ვინ ეთიშება ომბუდსმენის არჩევის წესის ცვლილებას პარლამენტში

ვინ ეთიშება ომბუდსმენის არჩევის წესის ცვლილებას პარლამენტში

სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული იდეა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილისთვის მიუღებელია.

წესი, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ და ოპოზიციის მხარდაჭერილ კანდიდატებს, საბოლოო ჯამში „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს, ხელისუფლების ოპონენტების პროტესტს იწვევს.

საპარლამენტო ოპოზიციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები პროცესს სავარაუდოდ გამოეთიშებიან.

ოპოზიციის ეს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მმართველ პარტიას ამ წესის დაკანონებით, საკუთარი კანდიდატის გაყვანა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის მითვისება სურს.

„ვინ ეკითხება პაპუაშვილს ვის აირჩევენ სახალხო დამცველად?! შალვა პაპუაშვილი არაფრის მაქნისი მარიონეტია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მხოლოდ იმიტომ დასვეს, რომ ყველა დავალება შეასრულოს. ამ ადამიანთან შეხვედრა არის უბრალოდ სირცხვილი, არცერთ შემთხვევაში ამ ფარსში მონაწილეობას არ იღებს “სტრატეგია აღმაშენებელი”. კანონით, რომლითაც მათ დამატებითი ბიუროკრატია შემოიტანეს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ერთადერთ მიზანს ისახავს, როგორმე ჩაშალონ სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებული პროცესი. უფრო მეტიც, შვიდი კანდიდატის წარდგენის ვალდებულება რომ გააკეთეს, მიზანია პროცესი ისე ჩაშალონ, რომ მრავალრაუნდიანი ჩაშლა იყოს. მე როგორც ვიცი, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, რაც ოპოზიციასთან გვქონდა, ის ფართო ჯგუფი არანაირი დამატებით შეხვედრაში მონაწილეობას არ აპირებს, გუშინ ასე ვისაუბრეთ”,- განაცხადა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლობის ლიდერები მიიჩნევენ, რომ პროცესი დემოკრატიულია და ოპონენტების კრიტიკა აბსურდულია. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე შემრჩევი ცხრა კაციანი კომისიის ჩამოყალიბების წესთან დაკავშირებით, პროექტი უკვე შემუშავებული აქვს.

„ჩვენ არ გვაქვს საკმარისი უმრავლესობა, შესაბამისად, თუკი ახალი სახალხო დამცველის არჩევა მოხდება, ეს იქნება სხვადასხვა პოლიტიკური ძალის თანამონაწილეობით. რაც შეეხება თავად პროცესს, გვქონდა ბრძანების პროექტი. ყველა საკითხზე შევთანხმდით. საბოლოო ვერსია მოვამზადე. დღეს გავუგზავნით ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და შევთავაზებთ, რომ დღესვე შევძლოთ ბოლო კონსულტაციის გავლა, რათა ბრძანება გამოიცეს და გამოცხადდეს განცხადებების მიღების პროცესი. ამიტომ ამასთან დაკავშირებით არანაირი შეუთანხმებელი საკითხი არ არსებობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის ბოლოს ეწურება. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად ოპოზიცია აქამდე არსებული კანონმდბლობის დატოვებას ითხოვს.

„ქართული ოცნება“ კი წესის ცვლილებას აპირებს, რომელიც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის უმრავლესობისთვის მიუღებელია.

მმართველ პარტიას ცვლილების განსახორციელებლად, ოპოზიციონერი დეპუტატების ხმებიც დასჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend