მთავარიგადაცემებიEnergy Crisisესპანეთი ენერგიას ზოგავს, რათა ევროკავშირს დაეხმაროს

ესპანეთი ენერგიას ზოგავს, რათა ევროკავშირს დაეხმაროს

ესპანელებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ღია კაფეებში დასხდნენ და მზეს მიეფიცხონ. ცხელი ზაფხული გავიდა და წინ რთული ზამთარი გველოდება. ესპანეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ოთახში კონდიციონერის ზაფხულში 27 გრადუსზე, ზამთარში კი 19 გრადუსზე მაღლა დაყენებას. ბარებში, მაღაზიებსა და ოფისებში კარი დაკეტილი უნდა იყოს, რათა ენერგია ეფექტიანად დაიხარჯოს. მხოლოდ მადრიდში ახალ კანონთან ადაპტაცია ბარის მფლობელებს 500 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდებათ.

საჯარო დაწესებულებებში შუქი უნდა გამოირთოს და მაღაზიის ვიტრინები ღამე უნდა ჩაბნელდეს. ახლო და შორ მანძილზე მიმავალი მატარებლებით მგზავრობა სექტემბრიდან უფასო ხდება, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა წაახალისონ. ამ ზომების გატარების შედეგად ესპანეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ენერგიის 7 პროცენტს დაზოგავს, რის რეკომენდაციასაც ევროკავშირი იძლევა.

ენერგიის დაზოგვაზე მიმართული წესები სერიოზულ შეზღუდვებს უწესებს ბარებს, თუმცა ბევრს აინტერესებს, რა ბედი ეწევათ ტერასებს. პანდემიის დროს ესპანელები მიეჩვივნენ გარეთ სხდომას  – ზამთარშიც კი.

მხოლოდ მადრიდში 3 ათასი ტერასაა, რომლებსაც გარე გათბობის სისტემა აქვს. ქალაქის საბჭო აპირებს, აკრძალოს ბუნებრივი აირის გამათბობლები, თუმცა მხოლოდ ელექტროენერგიის საშუალებითაც რომ იყოს გათბობა, ღია კაფეები დღეში საათობრივად 78 ათას კილოვატს დახარჯავენ.

განახლებადი ენერგიის ფონდის წარმომადგენელი ხავიერ პამოსი თვლის, რომ არავითარი აზრი არ აქვს, მაღაზიებს თხოვონ ენერგიის დაზოგვა იმ დროს, „როდესაც ტერასებს ნებას ვაძლევთ, რომ  ქუჩაში ჰაერი გაათბონ. სასწრაფოდ გვჭირდება დეკრეტი, რომ მომავალი ზამთრისთვის ეს შეჩერდეს.“

ესპანეთში იმედი აქვთ, რომ ენერგიის დაზოგვის ახალი წესების შემოღებით შეძლებენ ევროკავშირის მიერ დასახული მიზნების მიღწევას, სულ მცირე რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც. თუმცა, ბუნებრივი აირის ფასის ზრდის გარდა, ქვეყანაში ელექტროენერგიის საფასურიც იზრდება. ახლა ენერგორესურსების ფასი სამჯერ მაღალია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.

ესპანეთის მთავრობის მიერ წამოწყებული ახალი ზომების შესახებ მეტის გასაგებად „ევრონიუსი“ ესპანეთის დივერსიფიკაციისა და ენერგიის დაზოგვის ინსტიტუტის დირექტორ  ხუან გროისარდს გაესაუბრა.

„ევრონიუსი“:

რამდენად საკმარისია ის ღონისძიებები, რომლებიც ესპანეთის მთავრობამ დაიწყო?

ხუან გროისარდი, ესპანეთის დივერსიფიკაციისა და ენერგიის დაზოგვის ინსტიტუტის დირექტორი:

„ჩვენთვის ხსენებული ზომები მხოლოდ პირველი პაკეტია, რათა სტარტი ავიღოთ და პირველი ნაბიჯები გადავდგათ. ამ ზომებს ჩვენ ვუწოდებთ „უვნებელს“, ეს ზომები არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და არც სინდისის ქენჯნას იწვევს, რადგან, ფაქტობრივად, არავითარ ინვესტიციას არ ითხოვს. ამ ღონისძიებების გატარება ადვილია. ამჟამად ავტონომიურ რეგიონებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის პროცესში ვართ, რათა თოთოეულმა მათგანმა მოგვაწოდოს მოსაზრებები და ამგვარად შევადგინოთ სათადარიგო გეგმა, რომელშიც დამატებითი ღონისძიებები შევა.

„ევრონიუსი“:

  • ესპანეთი მხოლოდ მცირედითაა დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე, ყოველ შემთხვევაში იმდენად არა, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები. რაში გვჭირდება ასეთი ზომები?

 

ხუან გროისარდი, ესპანეთის დივერსიფიკაციისა და ენერგიის დაზოგვის ინსტიტუტის დირექტორი:

„მართალია, ესპანეთი ყოველთვის ძალიან მცირე წილით იყო ჩართული ევროპის ელექტროენერგიის ბაზარზე. ეს ნიშნავს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ესპანელი მომხმარებელი ვერ სარგებლობდა რუსული გაზის სიკეთით, როდესაც ის იაფი იყო და უხვად აწოდებდნენ. ესპანელები ვერ სარგებლობდნენ იაფი ელექტროენერგიით ისე, როგორც სხვა ქვეყნები. ამის გამო ესპანეთს მოუწია, დიდი ინვესტიციები ჩაედო რეგაზიფიკაციის საწარმოებსა და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურაში, რათა საკუთარი თავის უზრუნველყოფა შესძლებოდა. ახლა კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და  ესპანეთის არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ესპანელ მომხმარებელს ძალიან ძვირი დაუჯდა, მზად არის სირთულისთვის. ჩვენ უფრო გამძლე ვართ. ამიტომ ჩვენ, მართალია, გვაფიქრებს მოახლოებული ზამთარი, მაგრამ შედარებით უფრო მშვიდად ვართ, ვიდრე ჩვენი კოლეგები ევროპის დანარჩენი ქვეყნებიდან. ამ კონტექსტში, ჩემი აზრით, მთავარია, მივმართოთ ევროკავშირის ისეთ მნიშვნელოვან საყრდენს, როგორიცაა სოლიდარობა. ამიტომ ენერგიის მოხმარების შემცირება, რასაც ახლა ესპანეთში ახალი წესები ემსახურება და რომლებიც, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ადვილი გასატარებელია, საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ ფასები რამდენადაც შესაძლებელია, გავზარდოთ ბუნებრივი აირის მარაგი, რაც საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს, რომ ჭარბი ბუნებრივი აირი სხვა ქვეყნებს, მაგალითად, საფრანგეთს გავუზიაროთ – ჩვენი ინფრასტრუქტურის წყალობით ეს სავსებით დასაშვებია.“

ავტორი: ხაიმე ველასკესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend