საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაზე, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული მკაფიო და გასაგები მოწოდებების შემდეგ, ქართველი პოლიტიკოსები მაინც არკვევენ თუ ვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის.
ოპოზიციის ნაწილი კვლავ ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი პარტიის მუშაობის პრიორიტეტი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. მისივე თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ ექნება საქართველოს რეალური ევროპული მომავალი.
“ამ მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან, რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი გამოსავალი, ვიდრე ახალი, ვადამდელი არჩევნებია. ბუნებრივია, ამ წინადადებას და ახალ არჩევნებს არასოდეს არ მიესალმება „ქართული ოცნება“, თუმცა, ჩვენი ყველა ნაბიჯი და აქტივობა აქეთკენ იქნება მიმართული. დიახ, პოლარიზაცია არის და იქნება და რომ არ იყოს ამ პირობებში, სწორედ ეს იქნებოდა გასაკვირი. იმიტომ რომ, როდესაც ხელისუფლებაში გყავს ანტიდასავლური ძალა, სხვანაირად შეუძლებელია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მზადაა ხელისუფლებასთან ერთად ჩაერთოს 12 რეკომენდაციის შესრულებისათვის საჭირო პროცესებში.
“მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთად დავსხდებით, მოვილაპარაკებთ, ვიმუშავებთ, შევძლებთ მართლა საქმიანი და არგუმენტირებული მსჯელობით მივაღწიოთ შედეგს. სწორედ „ქართული ოცნების“ მიმართ გამოთქმულ ამ შენიშვნებს გაითვალისწინებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. სხვა შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ სულ ექნება სათქმელი, რომ წარუმატებლობა არის ოპოზიციის კისერზე. ევროპარამენტარებმა გვითხრეს, თუ ერთად არ იმოქმედებთ, არაფერს ფასი არ აქვსო“, – განაცხადა პარტია „გირჩის“ საპარლამენტო დეპუტატმა ჰერმან საბომ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთან ერთად პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც თანაბრად უნდა გაიზიაროს და მმართველ ძალასა და ძალაუფლების მიღმა მყოფ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ფაქტობრივად ტოლობის ნიშანს სვამენ.
„დარწმუნებული ვიყავით, რომ ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი პოზიტიურად ჩაივლიდა. ევროსტრუქტურების ლიდერებმა ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთეს, ეს იყო იგივე, რომელიც ევროპარლამენტარებმა თბილისში ყოფნის დროს გააკეთეს და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდეს, სამუშაო პროცესში ჩაერთონ ხელისუფლებასთან ერთად. მაღალი დონის ტრიბუნიდან მოხდა იგივე საკითხის გამეორება, რასაც ვამბობდით, რომ ევროინტეგრაცია არის საერთო ეროვნული საკითხი და აქ არ შეიძლება, რომელიმე პარტიას თავისი დღის წესრიგი ჰქონდეს. ამიტომ, მკაფიო იყო გზავნილები. ევროპელმა ლიდერებმა ყველა მხარეს მოუწოდეს, სამუშაო პროცესში ჩაერთონ, იმუშაონ ინკლუზიურად, არა ცალკე, არამედ იმ საკითხებზე, რომელიც საერთო ამოცანად არის განსაზღვრული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრემიერმა ევროპელ კოლეგებს ამომწურავი არგუმენტები გაუზიარა“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაზე, ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციას და სრულიად ქართველ პოლიტიკოსებს ღიად უთხრეს, რომ დროა, ქართული პოლიტიკა ახალ საფეხურზე გადავიდეს, დაასრულონ ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია და ჩაერთონ ქართველი ხალხის ნების აღსრულებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირთან თავსებადობის მომდევნო ეტაპზე ვერ გადავა.
ალეკო გვეტაძე