მთავარისაქართველოპარლამენტში საშემოდგომო სესია პოლიტიკური ურთიერთბრალდებებით გაიხსნა

პარლამენტში საშემოდგომო სესია პოლიტიკური ურთიერთბრალდებებით გაიხსნა

მეათე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

ძირითადი საკითხების განხილვამდე, დეპუტატებმა ტრადიციული პოლიტიკური გამოსვლები გამართეს, სადაც პოზიციამ ოპოზიცია და პირიქით, ერთმანეთი კვლავ ანტისახელმწიფოებრივ სურვილებში დაადანაშაულეს.

რიგითი საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, პარლამენტმა საშემოდგომო სესიის ბოლომდე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე უნდა იმუშაოს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა კონსტრუქციოლობასთან ერთად, ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, აზრს ხედავენ ქუჩის საპროტესტო აქციებსა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაში.

“ამ ხელისუფლებასთან როგორ შეიძლება საერთოდ რაიმე კონსტრუქციულზე ისაუბრო. მთელი ზაფხული შევიდოდნენ ოთახში, ვითომ ევრორეკომენდაციების შესრულებაზე სამსჯელოდ, შემდეგ გამოვიდოდნენ და ანტიდასავლური რიტორიკით ლანძღავდნენ იმ ადამიანებს, ვინც მხარი უნდა დაგვიჭიროს. თუმცა, ჩვენ მაინც მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ მხოლოდ ღია და არა დახურულ განხილვებში. რაც შეეხება ქუჩის აქციებს, ეს არის ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა, რათა მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, მანამ კი სხვადასხვა საჭირო მოთხოვნები შევასრულებინოთ“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიროგი ბოტკოველმა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო და პარტიული ლიდერები ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ კომისიების შექმნაზე მთელი ზაფხულის განმვალობაში იმუშავა. ახლა კი, ოპოზიციაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებით შესრულდება ევროკავშირის მოთხოვნები. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს პარლამენტი აქტიურად იმუშავებს საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე. თუმცა, სავარაუდოდ ოპოზიციის ინიციატივებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება.

„დიდი ხანია, „ნაცმოძრაობამ“ და რადიკალურმა ოპოზიციამ ხალხს მოაბეზრეს თავი, ახლა უკვე საკუთარ მხარდამჭერებსაც აბეზრებენ თავს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, არაფრის რესურსი არ აქვთ, არაფრის თავი არ აქვთ. იმისთვის, რომ შიგნით რაღაცნაირად სცადონ პოზიციების გამაგრება, ცდილობენ, რადიკალური მესიჯებით გამოვიდნენ. ამის უკან მეტი არაფერი არ დგას, რიხი რომ არ აქვთ, მათ განცხადებებში ძალიან კარგად ჩანს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ჩვენ მაინც ვითანამშრომლებთ მათთან, ვისაც ამის სურვილი ექნება. მათთან, ვინც დაინტერესებულია კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ვინც არ ჩაერთვება ამ პროცესში, ეს პასუხისმგებლობა იქნება მათზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირი ქართველი პოლიტიკოსებისგან კონსენსუსსა და დათმობებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას 12-დან ერთ-ერთ რეკომენდაციაში ითხოვს და მას დეპოლარიზაცია ჰქვია. დანარჩენი 11 რეკომენდაციის შესრულება სწორედ ამ ერთი მოთხოვნის წარმატებით შესრულებაზეა დამოკიდებული.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend