მთავარი საქართველო წინანდლის ფესტივალის მეოთხე სეზონი გაიხსნა

წინანდლის ფესტივალის მეოთხე სეზონი გაიხსნა

2 სექტემბერს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეოთხე სეზონი გაიხსნა. საზოგადოების წინაშე, სცენაზე, უკრაინელი დირიჟორი, ოკსანა ლინივი, პიანისტი მაო ფუჯიტა და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წარდგნენ.

პროგრამა უკრაინელი კომპოზიტორის, ბოჰდანა ფლორიაკის ნაწარმოებით გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს შესრულდა იოჰანეს ბრამსის პირველი საფორტეპიანო კონცერტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიაც.

ფესტივალის წლევანდელი პროგრამის ფარგლებში 10 დღის განმავლობაში მსოფლიოში სახელგანთქმული 20-ზე მეტი სოლისტი წარდგება მაყურებლის წინაშე, ხოლო წინანდალში დაფუძნებული პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 4 კონცერტს გამართავს. ეს ორკესტრი აერთიანებს ახალგაზრდა მუსიკოსებს რეგიონის 6 ქვეყნიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან.

“ძალიან ბედნიერი ვარ რომ მაყურებლის წინაშე წარვდგები. მე უკრაინელი ხელოვანი ვარ და მიხარია, რომ წარმოვადგენ უკრაინულ მუსიკას, როგორც გზავნილს მშვიდობისათვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ სოლიდარობისთვის, მეგობრობისთვის. მე ასევე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ახალგაზრდა მუსიკოსებთან ვთანამშრომლობ, ჩვენს სოლისტთან იაპონიიდან და ასევე პან-კავკასიურ ორკესტრთან”, — განაცხადა დირიჟორმა ოკსანა ლინივმა.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტების გარდა წინანდლის მამულში გაბრიაძის სახელობის თოჯინების თეატრის დებიუტიც შედგება.

ფესტივალს საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები ახალგაზრდა კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ და მასტერკლასებს ჩაატარებენ

“მინდა მივულოცო ყველას, რომ ასეთი ხარისხიანი, ასეთი სერიოზული კულტურული, საგანმანათლებლო და, ასევე, სამშვიდობო გზავნილის მატარებელი ფესტივალი იწყება საქართველოში. მნიშვნელოვანია ის ხარისხი, რომელსაც ვინარჩუნებთ. ეს სინთეზი, ახალგაზრდა და უფრო გამოცდილი ვარსკვლავებისა, ეს კომბინაცია, ძალიან იშვიათია და მისი მიღწევა რთულია, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ჩვენს გუნდს”, — განაცხადა წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წელს წინანდლის ისტორიული მამულში დაფუძნდა კომპანია “სილქნეტის” მხარდაჭერით. მას შემდეგ, ფესტივალი წინანდალში ყოველი წლის სექტემბერში იმართება. ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძეა, ხოლო ყოველ წელს მრავალფეროვანი საფესტივალო პროგრამის შედგენა კი ფესტივალის თანადამფუძნებლების ავი შოშანისა და მარტინ ენგსტროემის დამსახურებაა, რომლებიც სახელგანთქმული ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალის დამფუძნებლები არიან.

“როდესაც 2019 წელს წინანდალში ჩამოვედით აქ არაფერი იყო, ჩვენ გადავხედეთ ერთმანეთს, თითქოს არ იყო შანსი რომ ეს მართლა მომხდარიყო. მაგრამ ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ შევძელით პან-კავკასიური ორკესტრის ჩამოყალიბებაც, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა მუსიკოსებს რეგიონის ქვეყნებიდან. ეს არის ჩვენი გზავნილი. ეს დასტურია იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთად დგომა და რომ მუსიკა საერთაშორისო ენაა”, — აცხადებს ფესტივალის თანადამფუძნებელი ავი შოშანი.

11 სექტემბერს ფესტივალს დახურავს ვილდე ფრანგი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით. შესრულდება შოსტაკოვიჩის პირველი სავიოლინო კონცერტი და პროკოფიევის მეხუთე სიმფონია.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend