მთავარიმსოფლიო83 წელი მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან

83 წელი მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან

პოლონეთის პრეზიდენტი ანდრჟეი დუდა ქვეყნის ჩრდილო დასავლეთში მდებარე ვერსტერპლატეს ნახევარკუნძულზე 83 წლის წინ ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთზე თავდასხმისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ვესტერპლატე მეორე მსოფლიო ომის პირველი ბრძოლის ადგილია. პოლონეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მესამე რაიხი მოკავშირე საბჭოთა კავშირთან ერთად პოლონეთს ომის გამოცხადების გარეშე დაესხა თავს. პრეზიდენტის თქმით, დღეს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს სამშობლოს უსაფრთხოების დაცვისათვის ყველა რესურსი აქვს.

„დღეს ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, რომ უკრაინას რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლაში უფრო დავეხმაროთ. როგორც ჩვენმა რუსეთში დაღუპულმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ განაცხადა, იმპერიალიზმს არ უნდა შევუშინდეთ“, – განაცხადა ანდრჟეი დუდამ.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ვარშავა ბერლინისგან მეორე მსოფლიო ომისას მიყენებული ზარალისთვის რეპარაციის გადახდას ოფიციალურად მოითხოვს. ყოფილი პრეზიდენტის ძმამ და მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ბერლინისგან რეპარაციების მოთხოვნა პოლონეთის სახელმწიფოს ვალია.

პოლონელ ერს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ყველა ღონეს იხმარს, რომ 1939 წლის 1 სექტემბერი და 2022 წლის 24 თებერვალი აღარასოდეს განმეორდეს.

,„ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რომ 1 სექტემბერი, 22 ივნისი და 24 თებერვალი აღარ განმეორდეს. აღარასოდეს. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ სიძულვილი დავამარცხოთ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სამხედრო კამპანია 35 დღეს გაგრძელდა და ისტორიაში გერმანული ბლიცკრიგის, იგივე ელვისებური ომის, დაბადებად მიიჩნევა. ნაცისტური გერმანიის თავდასხმიდან მალევე პოლონეთს საბჭოთა კავშირიც დაესხა თავს. 1944 წლის ვარშავის აჯანყების მიუხედავად პოლონელი ერი 1945 წლამდე ნაცისტური ოკუპაციის პირობებში ცხოვრობდა, 1945 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე კი – კომუნისტური ოკუპაციის. მეორე მსოფლიო ომში 5 მილიონი პოლონელი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend