ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მეზობელი ქვეყნის – რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა აიკრძალება. ესტონეთმა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ომის დაწყების შემდეგ უკვე აკრძალა საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან, თუმცა რუსებს ესტონეთში სახმელეთო გზით მოხვედრა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლა მაინც შეეძლოთ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ ამბობს, რომ საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროები შეთანხმდნენ, რომ მომავალი კვირისთვის წარადგენენ გარკვეულ შეთავაზებებს, რომლებიც გულისხმობს ესტონეთის საზღვრის ჩაკეტვას რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთათვისაც ესტონეთს არ გაუცია შენგენის ვიზა.
ესტონეთის ახალი სანქცია 18 აგვისტოს შევა ძალაში. ესტონეთსა და რუსეთს 300-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებთ. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ლატვიაშიც მიიღეს გადაწყვეტილება, აკრძალონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა.