ოკუპირებული ხერსონიდან სულ რაღაც ას კილომეტრში მდებარეობს მიკოლაივი, რომელსაც მოსკოვი მუდმივად ბომბავს. ბოლო 24 საათში რუსებმა მიკოლაივი კიდევ ერთხელ დაბომბეს, ერთ-ერთი დაშავებული 13 წლის ბავშვია. ქალაქში თითქმის სულ კომენდანტის საათია, იქაურები სულ სახლებში და თავშესაფრებში სხედან. დროის იმ მცირე მონაკვეთებში კი, როცა განგაში არ ისმის, მოსახლეობა საკვებსა და სასმელ წყალს იმარაგებს. მომარაგების საკითხი კი დღითი დღე უფრო და უფრო ძნელდება.
დღემდე რუსულმა ბომბებმა მიკოლაივში გაანადგურა 500-მდე მრავალსართულიანი კორპუსი და 700-მდე საცხოვრებელი სახლი. რუსები ქალაქს სულ შეუჩერებლად უტევენ.
რთულია მიკოლაივში ცხოვრება, მაგრამ არის ისეთი ადგილები, სადაც ყოფნა კიდევ უფრო საშიშია ვიდრე აქ. მაგალითად, ოკუპირებულ სოფლებსა და ქალაქებში, რომლებიც მიკოლაივიდან სულ რაღაც ას კილომეტრშია. იქიდან ბევრი მიკოლაივში გადმოასახლეს, დროებით… მათ შორის არის ლუდმილა და მისი მეგობარი ნატალია.
ნატალია, იძულებით გადაადგილებული პირი სოფელი შევჩენკოვიდან: „ჩვენი სოფელი ოკუპირებულია. გვინდა, რომ მალე დავბრუნდეთ სახლში. მინდა რომ გათავისუფლდეს არამხოლოდ ჩემი სოფელი, არამედ მთელი უკრაინა. ვნატრობ, რომ მთელი უკრაინა ჩვენი იყოს“
ლუდმილა, იძულებით გადაადგილებული პირი სოფელი შევჩენკოვიდან: „რა თქმა უნდა ხალხს ეშინია რუსეთის მოგების, მაგრამ ყველას აქვს იმედი, რომ ისინი ვერ მოგვწვდებიან და საქმე უკეთესად წავა. ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი სახლი დაინგრა, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა…“
წყალსა და სურსათს აქაურებს „წითელი ჯვრის“ რეგიონულ ცენტრშიც ურიგებენ. იქაც სულ რიგებია. ქალაქში ახლა 150 ათასი ადამიანია, ისინი ჰუმანიტარული დახმარების იმედად არიან, ქალაქში ყველაფრის დეფიციტია.
მიკოლაივში წყალმომარაგების სისტემა არ არსებობს, რაც იყო რუსულმა ბომბებმა გაანადგურა. ამიტომ, აქაურები სასმელ წყალს გახეთქილი მილებიდან იღებენ. სხვა გზა არ არის. უკვე 4 თვეა ასეა.
მიკაილოვი ხერსონთან არის ახლოს, რომელიც ომის ადრეული ეტაპიდან ოკუპირებულია, მაგრამ ახლა კიევი მის დაბრუნებას ცდილობს, შეტევითი ოპერაციებით… ბოლო ინფორმაციით ამ ქალაქში ომს 132 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. და ეს ხდება მიკოლაივში, ქალაქში რომელიც რუსებმა ვერ დაიკავეს, მაგრამ ტრაგედიის მასშტაბები მაინც ასეთი დიდია.