მთავარი საქართველო 14 წელი აგვისტოს ომიდან

14 წელი აგვისტოს ომიდან

14 წლის წინ  საქართველოში ომი იყო… ომი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებით შეწყდა, თუმცა მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება.
შედეგად, დღემდე საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

ოკუპანტები მუდმივად იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, იტაცებენ მიწას და აშენებენ მავთულხლართებს…

მაშინ, 14 წლის წინ, რუსული ბომბების გამო საკუთარი სახლი და მიწა 130 ათასმა ადამიანმა დატოვა.  ნაწილი მოგვიანებით დაბრუნდა, მაგრამ  ძალიან ბევრი დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. საკუთარ სამშობლოშია და სახლში ვერ მიდის…

მათი დიდი ნაწილი კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრობს, სადაც უკვე ერთი ახალი თაობა გაიზარდა… 14 წელია გასული.

ახლა რუსეთი უკრაინას უტევს და რუსული აგრესიის სისასტიკე ყველაზე კარგად საქართველოში ესმით.
სწორედ უკრაინის ომის ფონზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა,  აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით დაკავების ორდერები გასცა. ეს მოხდა ომიდან  მეთოთხმეტე წელს.  შედეგად  ჯერ არავინ დაუკავებიათ, მაგრამ იურისტები აცხადებენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია საერთაშორისო სამართალში. გამოძიება გრძელდება, სამართალი უნდა აღსრულდეს, შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ოდესმე.

სანამ ჰააგაში აგვისტოს ომის ამბებს მიუბრუნდებოდნენ, შარშან,  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო.  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქართულმა მხარემ 700-მდე მტკიცებულება წარადგინა. მათ შორის,  გორში აფეთქებული რაკეტის, „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ანუ,  საქართველომ დაამტკიცა, რომ ამ ომში დამნაშავე იყო რუსეთი. ომში,  რომელმაც საქართველოს 412 მოქალაქე შეიწირა და ათიათასობით ადამიანს დღემდე ამყოფებს სახლიდან შორს.

412 დაღუპულსა და  1747  დაჭრილს შორის  იყვნენ სამოქალაქო პირები,  ჟურნალისტები… მაშინ დე-ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა რუსებმა დაიკავეს ხეობები, დიდი ქალაქები და სოფლები საქართველოს სამ რეგიონში.

ომი რამდენიმე დღეში  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით შეჩერდა. ეს ევროკავშირის დამსახურება იყო. თუმცა, დღემდე მოსკოვი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და არ გაჰყავს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ეს მოსკოვისთვის ჩვეული პოლიტიკაა. მეტიც,  სწორედ ამ შეთანხმების მერე აღიარა  რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ ქვეყნებად.

სოფო მაქაცარია

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

უახლესი

სხვა ამბები

აგვისტოს ომიაგვისტოს ომი

Send this to a friend