მთავარი ევრონიუს ჯორჯიას სტუმარი ქალაქი ცხოვრებას აგრძელებს - ტროსტიანეცი 30 დღიანი რუსული ოკუპაციის შემდეგ...

ქალაქი ცხოვრებას აგრძელებს – ტროსტიანეცი 30 დღიანი რუსული ოკუპაციის შემდეგ…

„ევრონიუს ჯორჯიას“ ინტერვიუ უკრაინის ქალაქ ტროსტიანეცის მერთან

ტროსტიანეცი  ერთ-ერთი უკრაინული ქალაქია, რომელიც რუსულ არმიას 30 დღის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული. ის  სუმის ოლქში მდებარეობს.  რუსები ოკუპაციის პერიოდში ქალაქში სურსათს არ ატარებდნენ და ამიტომ მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იდგა. დეოკუპაციის შემდეგ, ქალაქის მერმა იური ბოვამ გადაწყვიტა, რომ სასწრაფოდ დაეწყო რუსების მიერ მიყენებული ზიანის აღდგენა. თუმცა, ამისთვის ქალაქს საკმარისი თანხა არ ჰქონდა. მას შემდეგ, იური ბოვა ცდილობს ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენოს, რათა ქალაქის აღსადგენად ფული შეაგროვოს. ასევე, მისი მიზანია მთელი  მსოფლიოსთვის  რუსული ოკუპაციის სისასტიკის ჩვენება.

„ევრონიუს ჯორჯია“ უკრაინის ქალაქ ტროსტიანეცის მერს, იური ბოვას ესაუბრა.

„ევრონიუს ჯორჯია“: თქვენი ქალაქიდან რუსული ჯარის გასვლის შემდეგ  ამბობდით, რომ ახლა თქვენი მიზანი იყო მსოფლიოსთვის გეჩვენებინათ ის სისასტიკე, რაც რუსებმა ჩაიდინეს, როგორ ფიქრობთ, შეძელით ამის სათანადოდ გადმოცემა?

იური ბოვა: ახლა, მსოფლიოს მასშტაბით  უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდა, რომ რუსეთი არ არის ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა, როგორადაც თავს ასაღებდა. ის ყველა სიმხეცე, რასაც ისინი სჩადიოდნენ ტროსტიანეცშიც, ბუჩაშიც, ირპინშიც და მარიუპოლშიც  და სხვა ქალაქებშიც, არის მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ საქმე გვაქვს თანამედროვე ფაშიზმთან რუსეთის სახით. ამაში მონაწილეობს არამხოლოდ პუტინი, არამედ ის ჯარისკაცები, რომლებიც კლავენ, აუპატიურებენ, ძარცვავენ მშვიდობიან მოსახლეობას…  მე ვფიქრობ, რომ ყველა ვინც ჩვენს ქალაქში ნამყოფია, და  აქვე გეტყვით, რომ გათავისუფლების შემდეგ ჩვენს ქალაქში იყო ბევრი ევროპელი ჟურნალისტი, ხალხი სხვადასხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან…  ისინი დარწმუნდნენ, რომ ეს ზღაპარი არ არის, ეს არ არის მულტფილმი… ჩვენს ქალაქში 1400-ზე მეტი სახლია დაზიანებული,  რომელთაგან 240 სრულიად განადგურებულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია. ეს მხოლოდ პატარა ქალაქში, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს. ყველა ის სიმხეცე, რასაც რუსი ჯარისკაცები სჩადიოდნენ   გამოხატავს რუსეთის  ნამდვილ სახეს. ისინი უკრაინის დასაპყრობად არ მოსულან, ისინი მოვიდნენ ყველაფრის გასანადგურებლად, რასაც ნახავდნენ ნორმალურს, ლამაზს, დემოკრატიულს, მეტად განვითარებულს, ვიდრე მათ დღეს რუსეთში აქვთ…  რად ღირს ჯერ მარტი ტანკებით შტურმი ჩვენს საავადმყოფოზე? ისინი ესროდნენ საავადმყოფოს, სადაც  დაავადებული ადამიანები და ექიმები იყვნენ. ეს ყველაფერი მათ სიმხეცეზე მეტყველებს…  ვინც ჩამოდის,  ყველას აქვს საშუალება ეს არამხოლოდ ნახოს, არამედ ესაუბროს ბევრ მოწმეს იმ უმოწყალო ქმედებებზე, რასაც სჩადიოდნენ რუსი სამხედროები.

„ევრონიუს ჯორჯია“: როდესაც ქალაქი გათავისუფლების შემდეგ ნახეთ, რა იყო ყველაზე შემზარავი, რასაც ვერასოდეს დაივიწყებთ?

იური ბოვა: იცით? მე მგონია, რომ ჩვენ საერთოდ  ვერ დავივიწყებთ იმ ყველაფერს, რაც მათ ჩვენს ქალაქს უქნეს.    გადამწვარი სახლები, მათ შორის მრავალსართულიანი კორპუსები, განადგურებული რკინიგზის სადგური, ავტოსადგური… ძალიან ლამაზი მოედანი გვქონდა, სადაც ათასობით ვარდი იყო დარგული – სხვათა შორის, ეს მოედანი იყო ჩვენი ქალაქის ფაშიზმისგან გათავისუფლების სიმბოლო. იქ იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკი და ბევრი ყვავილი ჩვენი განმათავისუფლებლების სამადლობლად.  ეს მოედანი რუსმა სამხედროებმა უბრალოდ პოლიგონად აქციეს.  ამის ყურება ძალიან მტკივნეული იყო, რადგან მათთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, საერთოდ არაფერი… თუმცა, ყველაზე მტკივნეული ალბათ ისევ საავადმყოფოს ნახვა იყო. როცა ხედავ ტანკის მიერ განადგურებულ კედლებს სამშობიარო განყოფილებაში… ზუსტად იმ მომენტში იქ ქალი მშობიარობდა   და   ნამდვილი შემთხვევითობაა, რომ იქ არავინ დაღუპულა ტანკის შეტევის დროს. ეს შენობები დღემდე არ არის ბოლომდე რეაბილიტირებული, თუმცა ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ… მეხსიერებაში მუდმივად დარჩება შავი ქალაქი, რომელიც ოდესღაც იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი ჩვენს უკრაინაში. ცენტრალური ქუჩები მთლიანად განადგურებულია, მცირე და საშუალო ბიზნესი თითქმის მთლიანად გაძარცვეს  – ეს საშინელი სურათია. ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ ქალაქს საკუთარი ხელებით ვაშენებდით… ისინი პრაქტიკულად ყველაფრის განადგურებას შეეცადნენ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, თუ რა გაუკეთეს მათ უკრაინას. დღეს ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვუწევთ რუსეთს და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს.  ისინი ანგრევენ  ჩვენს სახლებს, ცდილობენ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას – ჩვენ ვხვდებით, რომ მათ ყველაფრის მიწასთან გასწორება  სურთ, მათ შორის ჩვენი მომავლის. ამიტომ, დღეს უკრაინა იბრძვის თავისი მომავლისთვის, ბავშვებისთვის, რომელთაც არ უნდა დარჩეთ ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის მემკვიდრეობა, რომელსაც დღეს რუსეთი თავის ქმედებებისას წინ სწევს. ჩვენ აღარ გვინდა საბჭოთა კავშირი! ჩვენ გვინდა მშვიდი, დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა, რომლის სახელიც არის  უკრაინა.

„ევრონიუს ჯორჯია“: თქვენ დადიხართ საერთაშორისო კონფერენციებზე, მონაწილეობთ სხვადასხვა ღონისძიებაში, რათა შეაგროვოთ თანხა ქალაქის აღსადგენად. რა შედეგები გაქვთ ამ მხრივ?

იური ბოვა: ჩვენ მართლა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქალაქს ამ მძიმე დროს დავეხმაროთ. მთავრობას არ შეუძლია გამოყოს ბევრი ფული დაზიანებული ინფრასტრუქტურის, ხალხის საცხოვრებლებისა და კერძო ობიექტების, ადმინისტრაციული შენობების, სკოლებისა და ბაღების, საავადმყოფოს   აღსადგენად.  ამიტომ, ქალაქის მერებს გვიწევს მივმართოთ პარტნიორებსა და სხვადასხვა ფონდს, რომ შემოვიტანოთ ჰუმანიტარული ტვირთი, დავაპუროთ ხალხი… მოდით გავიხსენოთ, ჩვენს ქალაქში 30 დღის განმავლობაში რუსი სამხედროები სურსათს არ უშვებდნენ, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იყო, ხალხს საკვები არ ჰქონდა, რადგან პრაქტიკულად ყველა მაღაზია გაძარცვული იყო. ამიტომ, პირველი საქმე იყო ჰუმანიტარული ტვირთების შემოტანა.  ახლაც, ქალაქში შემოდის ჰუმანიტარული ტვირთი სხვადასხვა ქვეყნიდან. გუშინ მივიღეთ ტვირთი პოლონეთიდან, ასევე ინგლისიდან და იმ უკრაინული ქალაქებიდან, რომლებიც რუსული ოკუპაციის ქვეშ არ მოქცეულან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფონდისგან იმისთვის, რომ ხალხს საკვების მარაგების შევსებაში დავეხმაროთ. ასევე ვეხმარებით მათ  ტანსაცმლით და პირველადი საჭიროების ნივთებით. მეორე საქმე არის ის, რომ  მუშა მდგომარეობაში მოვიყვანოთ კომუნალური ტექნიკა, ის ადმინისტრაციული ფუნქციები, რომლებიც ჩამოიშალა, რადგან რუსმა სამხედროებმა ყველა ადმინისტრაციული შენობა გაძარცვეს. მათ გაიტანეს ყველა კომპიუტერი, საოფისე ტექნიკა, ვიდეოკამერები, მიჰქონდათ ყველაფერი, რასაც ნახავდნენ ღირებულს. რაც ვერ მიჰქონდათ, ყველაფერს იარაღით ანადგურებდნენ და ამტვრევდნენ. ოკუპაციის შემდეგ ქალაქს მხოლოდ ერთი ავტობუსი დარჩა, რომლითაც მაცხოვრებლებს სახლებში ვაბრუნებდით. რეალურად, პარტნიორების დახმარების გარეშე ამ დავალებებს  სწრაფად ვერ შევასრულებდით. ახლა უკვე გვყავს 10 ავტობუსი. ნაწილი გვაჩუქეს, ნაწილი კი გავარემონტეთ. ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შემიძლია. საავადმყოფოში რუსებმა სასწრაფო დახმარების ყველა მანქანა გაანადგურეს. არცერთი მათგანი მთელი არ იყო. ნაწილი გაიტაცეს…  ავტოპარკი უკვე აღდგენილია. ძირითადად პოლონეთი დაგვეხმარა და სულ რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ ერთ-ერთი პოლონური ქალაქი კიდევ ერთ ავტომობილს გადმოგვცემს. აი ასე… სხვადასხვა ქალაქის მერებთან და საერთაშორისო ფონდებთან კომუნიკაციით  ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ ქალაქის პრობლემების მოგვარებას. კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი საქმეა. რაც აქამდე გავაკეთეთ, 99%-ით ჩვენი მეგობრების დამსახურებაა.  ჩვენ მადლობელნი ვართ ყველა მეწარმის, ფონდის,  ორგანიზაციის, რომლებიც თანხმდებიან კონკრეტული ქალაქების დახმარებას. დღეს ეს მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. როდესაც ჩვენ ასეთი სოლიდარობა დავინახეთ უკრაინელი ხალხის მიმართ, დავიჯერეთ, რომ დღეს მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდითაა და დაგვეხმარება ამ აგრესიისგან თავის დაცვაშიც და ჩვენი ქალაქების აღდგენაშიც. იმაში,   რომ ისინი ვაქციოთ კიდევ უფრო უკეთეს ქალაქებად, ვიდრე იყო. არის ერთი ავსტრიულ-უკრაინული კომპანია, რომელიც დათანხმდა, რომ გააკეთოს ქალაქის განვითარების გეგმა და ამისთვის  უსასყიდლოდ მოგვამაგროს 12 საერთაშორისო სპეციალისტი. არამხოლოდ იმისთვის, რომ აღვადგინოთ რაც გვქონდა, არამედ იმისთვისაც,  რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, ახალი ტექნოლოგიებით, ახალი სერვისებით, ტენდენციებითა და ურბანისტიკით. ამიტომ, ჩვენ მადლობელნი ვიქნებით მათი,  ვინც ჩვენს გვერდით იქნება და უკრაინულ ქალაქებს ფეხზე წამოდგომაში დაეხმარება.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend