გაეროს გენერალური მდივანი მკაცრად გმობს ნავთობისა და გაზის იმ კომპანიების საქმიანობას, რომლებსაც კოლოსალური მოგება აქვთ მსოფლიოს ყველაზე ღარიბი მოსახლებისა და კლიმატისთვის უზარმაზარი ზარალის მიყენების ხარჯზე. მისთვის ეს ამორალურია. ანტონიუ გუტერეში ამბობს, რომ ენერგოკრიზისი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით არის გამოწვეული და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს ენერგოკომპანიებისთვის მაღალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ანტონიუ გუტერეშის თქმით, უმსხვილესი ენერგოკომპანიების ერთობლივმა მოგებამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შესაძლოა 100 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ანტონიუ გუტერეში მოუწოდებს მთავრობებს, დაბეგრონ ასეთი კომპანიები და თანხა ყველაზე დაუცველი და გაჭირვებული ადამიანების მხარდასაჭერად გამოიყენონ.
გაერო მთავრობებს ასევე მოუწოდებს, მიიღონ ზომები ენერგომოხმარების შესამცირებლად, მათ შორის შეზღუდონ გათბობისა და გაგრილების სისტემების მოხმარება, პრიოტიტეტად კი განახლებადი ენერგიის განვითარება დაისახონ.