მთავარი ევროპა უკრაინა უკრაინა ციხეში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს

უკრაინა ციხეში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს

უკრაინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ოლენივკაში აფეთქების გამოძიებაში დახმარებას სთხოვს.

უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრი ლუბინეცი აცხადებს, რომ ცდილობდა პირდაპირი კავშირი დაემყარებინა რუს კოლეგასთან, იმისათვის, რომ საერთო ვიზიტი განახორციელონ ოლენივკის ციხეში, რომელსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ.

„მე ოფიციალურად მივმართე რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა დამცველს, რომ განიხილოს ოლენივკის მკაცრი რეჟიმის ციხის მონახულების შესაძლებლობა ჩემტან ერთად, რომ ვნახოთ რა მოხდა იქ სინამდვილეში, ასევე დაჭრილები რომ მოვინახულოთ. ახლაც ისინი განიხილავენ ჩემს თხოვნას. პასუხი ჯერჯერობით არ არის“, – აცხადებს დმიტრი ლუბინეცი.

დმიტრი ლუბინეცი ამბობს, რომ ოლენივკაში მომხდარი აფეთქების ვიდეო და ფოტო მასალა გააანალიზეს და დაადგინეს, რომ თავდასხმა რუსეთმა წინასწარ დაგეგმა. როგორც ცნობილია აფეთქების შედეგად დაიღუპა 53 სამხედრო ტყვე და 75 დაიჭრა.

„იმ ფოტოების და ვიდეოების ანალიზით, რაც ჩვენ გაგგვაჩნია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აფეთქება ბარაკებს შიგნით მოხდა, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ეს იყო სამხედრო ოპერაცია, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ იყო ორგანიზებული“, – ამბობს უკრაინის სახალხო დამცველი.

დღემდე უცნობია რა მდგომარეობაში არიან დაჭრილები და გაეწიათ თუ არა მათ სათანადო სამედიცინო დახმარება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ამბობენ, რომ ორგანიზაცია ამ მომენტისთვის რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ოლენივკის ციხის და დაჭრილების მოსანახულებლად.

„ისინი უბრალოდ ააფეთქეს. ეს  საჯარო სიკვდილით დასჯა, რაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს , ნუთუ არ არის საკმარისი მსოფლიომ გაიგოს, რომ დანარჩენი მებრძოლებიც სიკვდილის საფრთხის წინაშე არიან?”, – ამბობს „აზოვის“ პოლკის პატრონაჟის სამსახურის უფროსი, ოლენა ტოლკაჩევა

ორ აგვისტოს რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ უკრაინული პოლკი „აზოვი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, რაც რუსეთს აძლევს საშუალებას ზოგიერთ დატყვევებულ ჯარისკაცს ტერორიზმში დასდოს ბრალი. ამ დრომდე აზოვის პოლკის ორი ათასზე მეტი მებრძოლი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend