რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. შესაბამისად, რუსეთს შეუძლია ბრალდებები წაუყენოს იმ უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც მარიუპოლის ფოლადის ქარხანაში ბოლო წუთამდე იბრძოდნენ.
აზოვის პოლკის ათობით მებრძოლი მაისის შუა რიცხვებში რუსმა ძალებმა დაატყვევეს. ისინი ამ დრომდე ტყვეობაში არიან. რუსეთის ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უკრაინელ ტყვეებს სამოქალაქო პირების მკვლელობა ედებათ ბრალად.
უკრაინის წარმომადგენლები ცდილობენ, დაადგინონ სიმართლე რუსეთის ციხეში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. აფეთქებისას დაიღუპა ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის დაცემის შემდეგ დააკავეს.
სეპარატისტთა ხელისუფლებისა და რუსეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, პარასკევს ციხეში მომხდარი აფეთქების შედეგად 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა, 75 კი დაიჭრა.
“ჩვენ ციხის ტერიტორიაზე წვდომა არ გვაქვს. ასევე არ გვაქვს წვდომა თვითონ დაზარალებულებთან. რუსულ მხარესთან პირდაპირი კომუნიკაცია არ არსებობს. ყველა ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, პირობითადაა გადამოწმებული”, – განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, დმიტრო ლუბინეცი.
მომხდართან დაკავშირებით მოსკოვმა გამოძიება დაიწყო და ადგილზე ქვეყნის მთავარი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.