მთავარი საქართველო რა წინააღმდეგობები ხვდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს სწავლის პროცესში

რა წინააღმდეგობები ხვდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს სწავლის პროცესში

ლია ტაბატაძე და მისი 12 წლის შვილი თეოდორა, დაუნის სინდრომის ასოციაციის სოციალურ საწარმოში არიან. თეო ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის განათლებას ინკლუზიურად იღებს და სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი აქვს. დედა კი თავადაც სპეციალური განათლების  მასწავლებელი იყო. ამიტომ კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომლებსაც თეო სწავლის პროცესში ხვდება.

„უფრო მეტწილად ბავშვები სპეციალური განათლების პედაგოგების მოსწავლეებად აღიქმებიან, ვიდრე ზოგადად ყველა მასწავლებლის მოსწავლედ. შესაბამისად ინდივიდუალური სასწავლო გეგმებიც ხშირად მხოლოდ მათი შედგენილია და საგნის პედაგოგები ამ გეგმას ნაკლებად იცნობენ. თუ თვითონ საგნის პედაგოგი არ არის დაინტერესბული, რომ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეზე მეტი იცოდეს, განათლების სისტემას მას ამას არ ავალდებულებს.“-ამბობს ლია ტაბატაძე

რამდენად იცნობენ მასწავლებლები სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების პრობლემებს? რამდენად მიაჩნიათ ამ პრობლემების ცოდნა თავიანთ მოვალეობად.  საზოგადოებრივ ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემები იქამდე იარსებებს, სანამ სისტემა ინკლუზიურ განათლებას აღიქვამს როგორც სერვისს და არა როგორც ადამიანის უფლებას.

„დღეს ჩვენ გადავედით ერთგვარ კონვეიერის სისტემაზე , თითქოს უნდა მოვნიშნოთ სადღაც რომ ვაწვდით განათლებას, მაგრამ რას ვაწვდით, როგორ როდის და არის თუ არა საკმარისი ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, გვქონია შემთხვევა, რომ მშობელს გაუჩნდა კითხვა აი ერთი წელი იყო ჩართული ორი მაგრამ  რა მიიღო აქედან, ასეთი კითხვების დასმა არ არის წახალისებული და მშობლები ხშიად ისჯებიან სკოლის და სამინისტროს მხრიდან, რადგან როგორც აღვნიშნე ადამიანის უფლებად არ აღიქვამენ ინკლუზიურ განათლებას“, – ამბობს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტი  სპეციალური მასწავლებლების მომზადებას უზრუნველყოფს.

„ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ეს არის დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც იწერება მოსწავლის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები, რომელსაც ის წლის თუ სემესტრის მანძილზე გადის. ამ ნაწილში დიდი როლი აქვს სპეციალურ მასწავლებელს, ის თანამშრომლობს საგნის მასწავლებელთან, აძლევს რეკომენდაციებს ამ პროცესში ჩართული არიან მშობლებიც და მათთვის ცნობილია ამ გეგმის მთავარი აქცენტები რა მიზნებს ემსახურება და რა შედეგებზე გავა წლის ბოლოს მოსწავლე“, – მასწავლებელთა პროფესიული განათლების ინკლიუზიური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თეონა ხოსიტაშვილი

თეოს ახლა არდადეგები აქვს, თუმცა სკოლაში, თანატოლებთან ერთად, სექტემბრიდან დაბრუნდება. დაუბრუნდება საკუთარ კლასს, საკუთარ მერხს. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მათთვის ვისაც ინკლუზიური განათლება სჭირდება კლასში ადგილის გამოყოფა საკმარისი არაა – შედეგს ყოველი ბაავშვის კონკრეტული საჭიროებების გააზრება მოიტანს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend