ხვალ მნიშვნელოვანი, სიმბოლური კვირა იწყება. ამ კვირაში, 28 ივლისს, პირველად აღვნიშნავთ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს”- ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს გუშინ საღამოს ვიდეოჩართვის მეშვეობით.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები არასდროს დათმობენ დამოუკიდებლობას და არ გატყდებიან.
უკრაინის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ სექტემბერში უკან დაიბრუნებს ხერსონის ოკუპირებულ რეგიონს.
ხერსონი რუსულმა ჯარებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს.
რეგიონი მნიშვნელოვანია უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინული ჯარი ხერსონში გარკვეულ წარმატებას აღწევს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ ომისა და დონბასში რვა წლის წინ დაწყებული ომის მიუხედავად, უკრაინელები მაინც აღნიშნავენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დღეს, რადგან უკრაინელები არასდროს დათმობენ დამოუკიდებლობას. მისი თქმით, უკრაინა არ შეანელებს ტემპს და, როგორც უწინ, ყველაფერს გააკეთებს, რომ მტერს მაქსიმალური დანაკარგი ჰქონდეს. ისინი შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ უკრაინისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ უფრო აქტიურად ეწვევიან ვიზიტით უკრაინას პარტნიორები და გაიმართება მოლაპარაკებები. იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პოზიციები გამყარდება როგორც ფრონტზე, ასევე დიპლომატიასა და ეკონომიკაში.