რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აზრით, ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხება დასავლეთის ბრალია. ამის შესახებ მან თეირანში ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის გეგმაზე, რომლის მიხედვით, ევროკავშირი უარს ამბობს რუსულ ბუნებრივ აირზე. ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ნავთობის ბაზარზე დესტაბილიზაციასა და ფასების ზრდას გამოიწვევს.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპა იმავე ხაფანგში ებმება, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობას უკავშირდება, პუტინი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებს აქვთ აბსურდული იდეები, რომლებიც რუსული ნავთობის მოცულობასა და ფასის შეზღუდვას ეხება. იგივე სიტუაციაა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით. ის არ ელოდა ამის მოსმენას განათლებული ადამიანებისგან. პუტინის შეფასებით, შედეგი იგივე იქნება, ნავთობზე ფასებიც მკვეთრად გაიზრდება.
გასულ თვეს რუსულმა სახელმწიფო ენერგოგიგანტმა, კომპანია „გაზპრომმა“ 60 პროცენტით შეუმცირა ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიას. მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ სანქციების გამო ვერ მოახერხეს იმ ერთ-ერთი ტურბინის დაბრუნება, რომელიც ტექნიკური პრობლემის გამო სარემონტოდ კანადაში გადაიტანეს.
ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ამ ყველაფერთან „გაზპრომი“ არაფერ შუაშია. ევროპამ ჯერ ერთი გზა გადაკეტა, შემდეგ – მეორე, სანქციები დაუწესეს საქაჩ სადგურებს. რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „გაზპრომი“ მზად არის, აირის ნებისმიერი მოცულობა მიაწოდოს ევროპას, თუმცა ევროპულმა ქვეყნებმა თავად გადაკეტეს ყველაფერი.
კანადამ და გერმანიამ შეთანხმებას მიაღწიეს ტურბინის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „გაზპრომს“ დღემდე არ მიუღია შესაბამისი დოკუმენტაცია.