მთავარიევროპაიტალიაიტალიაში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა იზრდება

იტალიაში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა იზრდება

იტალიაში 60 წელს გადაცილებულ და სუსტი იმუნიტეტის მქონე მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა შესთავაზეს. იტალიელი ექიმები ამბობენ, რომ ვაქცინაზე დიდი მოთხოვნაა.

იტალიაში ვაქცინაციის კამპანია მიმდინარე თვეს განახლდა. ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცეს როგორც იტალიისა და ევროპის წამლის მარეგულირებელმა სააგენტოებმა, ისე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა.

რომის სანტა მარიას ვაქცინაციის ცენტრის დირექტორი ენრიკო დი როსა ამბობს, რომ ამ მომენტისთვის გაზრდილია ინტერესი ვაქცინაციის მიმართ.

გასულ კვირას დღიურად საშუალოდ 400 მოქალაქეს ცრიდნენ, ერთი კვირით ადრე კი დღეში მხოლოდ 100 ადამიანი მოდიოდა ასაცრელად.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვაქცინაციის კამპანიის მიზანია დაუცველი ჯგუფების დაცვა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირება.

რომის მკვიდრი დომენიკო გაბრიელი 68 წლისაა. ისიც ასაცრელად მოვიდა, რადგან წამყვანი ექიმები მეოთხე დოზის აუცილებლობაზე საუბრობენ. მესამე აცრიდან 9 თვე უკვე გასულია, ამიტომ ახლა მასაც შეუძლია  მეოთხე დოზის მიღება.

იტალიაში ბოლო პერიოდში იმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ.

ამავდროულად, მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში 12 წელს გადაცილებული მოზარდების უკვე 91 პროცენტია აცრილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend