უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე სახელმწიფოს აღმოსავლეთ რეგიონებში მოსახლეობა ნელ-ნელა ტოვებს მშობლიურ მხარეს. მათ კი, ვინც საკუთარი სახლის დატოვებას არ აპირებს, ყოველდღე ომის მკაცრ პირობებში უწევს ცხოვრება.
დონბასში საავტომობილო გზებზე ხშირად ხედავენ ადგილობრივები სამხედრო ტექნიკასა და სამაშველო სამსახურის ტრანსპორტს, ჰორიზონტზე კი მუდამ აფეთქების შედეგად გამოწვეული კვამლი მოჩანს.
ადგილობრივი მოსახლეობა რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ბევრი მათგანი ევაკუაციასთან დაკავშირებით მითითებას ელის.
ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ქალაქ პოკროვკის მერი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლოა მათ მალე კარ-მიდამოს დატოვება მოუწიოთ.
“დონეცკის ბევრ მოქალაქეს სურს, ხელში იარაღი აიღოს და სამშობლო დაიცვას. ჩვენი ქალაქიდან ბევრი უკვე ფრონტის ხაზზეა. რუსული ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, 10 მათგანი დაიღუპა, ბევრი კი ახლა აპირებს წასვლას. ევაკუაცია დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. არც საკმარისი საწვავი გვაქვს და არც ბუნებრივი აირი, შესაბამისად, მოსახლეობა აქ ვერ დარჩება. მათ, ვინც დარჩენას გადაწყვეტს, ზამთარში მძიმე პირობებში ცხოვრება ემუქრება“, – შიშობს პოკროვსკის მერი რუსლან ტრებუშკინი.
72 წლის ირა იეფიმენკო ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ქალაქში ცხოვრობს. მან შეიტყო, რომ ჰუმანიტარული კრიზისია მოსალოდნელი, ამიტომ ცდილობს, საკვები მოიმარაგოს.
ჰუმანიტარული დახმარების მიღების მიზნით, ის ბევრ სხვა თანამოქალაქესთან ერთად გრძელ რიგებში დგას.
“არ ვიცი, საკვები გვეყოფა თუ არა. შეიძლება, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირიც არ გვქონდეს. არ ვიცი, როგორ გადავიტანთ ზამთარს. ღმერთის იმედი გვაქვს. პენსია ბევრი არ გვაქვს, მაგრამ ელექტროენერგია თუ იქნება, მაღაზიებიც იმუშავებს და საკვებს მაინც ვიყიდით. იმედი მაქვს, ღმერთი გვიშველის და ომი მალე დასრულდება“, – იმედოვნებს ირა იეფიმენკო.
ქალაქ ვინიციაში კი ადგილობრივები ერთ-ერთი დაღუპული არასრულწლოვანისთვის მიძღვნილ რელიგიურ ცერემონიას დაესწრნენ. ის რუსი სამხედროების მიერ ქალაქის დაბომბვის დროს დაიღუპა. მაშინდელ თავდასხმას კიდევ 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.