1789 წლის 14 ივლისს საფრანგეთში ბასტილიის ციხე აიღეს. ამ დღეს დაიწო ბრძოლა თავისუფლებისთვის.
ბასტილიის დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში ზეიმობენ. ამაღლებული განწყობა იყო თბილისშიც. საფრანგეთის საელჩოს გამართულ მიღებას პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„14 ივლისს აღვნიშნავთ ბასტილიის აღების დღეს. ეს არის დღე, როდესაც დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია. ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის დაწყების დღე. 14 ივლისი ასევე გახლავთ დღე ერთობის, როცა მთელი ერი გაერთიანდა და ეს არცთუ ისე ხშირად ხდება. ასე რომ, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ერთობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებებია როგორც საფრანგეთისთვის, ისე საქართველოსთვის, უკრაინისთვის. მთელი მსოფლიოსთვის და მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა.
საფრანგეთისთვის მისალოცად მიღებაზე სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც მივიდნენ.
„ეს არის დღესასწაული იმ ღირებულებებისა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციამ მოიტანა და ყველა ადამიანი თანაბრად ზეიმობს და თანაბრად ძვირფასია ყველა ადამიანისთვის ეს დღე, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რომელიც საფრანგეთის რევოლუციამ მოიტანა – ძმობა, ერთობა, თავისუფლება. საფრანგეთი, ამ ღირებულებების აკვანი ქვეყანა, დღესაც აგრძელებს ამ ღირებულებების მთელ მსოფლიოში გავრცელებას“, – აღნიშნა მთარგმნელმა, გოჩა ჯავახიშვილმა.
„ორი წელი არ იყო ჩვენი ზეიმი კოვიდის გამო. დღეს მე, როგორც ფრანგი ქალი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვლავ ტარდება ღონისძიება“, – თქვა ოდრე ბოჯინმა.
„პანდემიის გამო, ჩვენ ღონისძიებას ორი წლის განმავლობაში ვერ ვატარებდით. ახლა ძალიან მიხარია, რომ ჩემს ფრანგ და ქართველ მეგობრებს ერთად ვხედავ. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – თქვა ლუსინ ბარდონმა.
ყოველი წლის 14 ივლისს საფრანგეთი ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. ეს არის დღე, როდესაც საფუძველი დაედო საფრანგეთის რევოლუციას, რომელმაც, თავის მხრივ, დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა.
ანა ალელიშვილი