მთავარისაქართველო"პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობის პრობლემაა"- წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი

“პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობის პრობლემაა”- წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საჯარო განხილვა გამართა, რომელიც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებულ მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს ეხება. ანგარიშში საუბარია პატიმართა უფლებებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობის ჩამოყალიბებაზე. შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური კრიმინალური მმართველობები ჩამოყალიბდა. კომიტეტის საქართველოში ჩამოსვლა და მათ მიერ მონიტორინგის ჩატარება სახალხო დამცველის მიერ, 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით იყო განპირობებული, რომელშიც საუბარია პატიმართა შორის ძალადობის ფაქტებზე და არაფორმალურ მმართველობაზე.

„თუ პატიმართა ნახევარი მოთავსებულია ე.წ. ზონაზე, ამ ციხეებიდან სახალხო დამცველი მხოლოდ ერთეულობით და მაქსიმუმ ათეულობით საჩივარს იღებს. მაშინ, როდესაც დახურული ტიპის დაწესებულებებიდან ჩვენ გვაქვს ათასობით საჩივარი ყოველწლიურად და ესეც იმის ინდიკატორია, რომ ამ ციხეებში არის დაშინების მექანიზმი, რაც პატიმრებს არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენთან ისაუბრონ ციხეში არსებულ პრობლემებზე.“- ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშში მოცემულ ფაქტებს. ისინი ამბობენ, რომ არაფორმალური მმართველობის, ძალადობისა თუ სხვა დარღვევების ცალკეული ფაქტების გამოვლენა, არ ნიშნავს იმას, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს. როდესაც საუბარია მსგავს ნიშნებზე, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური მყისიერად იღებს ზომებს, იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები იყოს აღმოფხვრილი. როდესაც ვსაუბრობთ ე.წ. სუბკულტურაზე, გეტყვით, რომ დღეს არსებობს ძალიან ეფექტიანი მექანიზმები პენიტენციურ სისტემაში იმისათვის, რომ ნებისმიერი მცდელობა პატიმართა შორის იერარქიის არსებობისა იყოს გამორიცხული.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილმა.

სახალხო დამცველისა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციები პენიტენციური დაწესებულებებისთვის ერთმანეთს ემთხვევა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, საჭიროა სასჯელაღსრულების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის შეცვლა, ციხის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა და მეტი სარეაბილიტაციო აქტივობების დანერგვა. ასევე პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემის შემოღება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend