მთავარისაქართველო12 პუნქტი და პოლიტიკური გეგმები

12 პუნქტი და პოლიტიკური გეგმები

ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულებისთვის, ოპოზიციის დიდ ნაწილს სავარაუდოდ ცალკე გეგმა ექნება. იმისთვის, რომ საქართველომ პოლიტიკურ-ეკონომიკური ევროგაერთიანების წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ოპოზიცია ერთმანეთთან და სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციებს გადის და გეგმაზე მუშაობს. მმართველი პარტიის უკვე შეთავაზებულ გეგმას კი ბლეფს უწოდებენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ უმოქმედო კომისიებს დროის გაყვანის მიზნით ქმნის, რაშიც მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვას, მაგრამ საერთო ჯამში მათ დააკარგვინებს ძალაუფლებას. ამიტომ ჩვენ არ გვჯერა, რომ ისინი საკუთარ ძალაუფლებაზე წინ დააყენებენ ქვეყნის ინტერესს და განახორციელებენ ევროკავშირის ნათქვამ რეფორმებს. თუმცა, მათი განხორციელება არის უმნიშვნელოვანესი, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, განვითარება და ქვეყნის ისტორიული არჩევანი აღსრულდეს. სასამართლოში არის კლანი, რომელიც ემსახურება ამ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს. კლანი თავის თავს არ ჩამოიშლის. ამიტომ არის დაუჯერებელი მათი გეგმები და არ ღირს ამ დროის გასაყვან პროცესში შესვლა“,- განაცხადა „ენმ“-ს წევრმა ნიკა ობოლაძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ პარტიაში „გირჩი“. მათი თქმით, დეპოლარიზაცია 12 პუნქტის პირველი მოთხოვნაა და ანტიპატიების მიუხედავად, მმართველ გუნდთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა აუცილებელია.

“თავისთავად არც ალტერნატიული გეგმა, არც ალტერნატიული კანონპროექტი პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური სპექტრის ნაწილი უარს ამბობს ლაპარაკზე, ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. მით უმეტეს, როცა პარლამენტში ხარ და საპარლამენტო აქტივობით გინდა, მიაღწიო რაღაც შედეგს, ამ შემთხვევაში ევროინტეგრაციას, მთავარი იარაღი არის დისკუსია, დებატები, ლაპარაკი და თუ ამაზე უარს ამბობ, არ მესმის, მაშინ რა უნდა გააკეთო და როგორ წარმოუდგენიათ, რომ მათი გეგმა, თუ ალტერნატივა იქნება განხილული და სრულფასოვნად შევა დღის წესრიგში. ჩვენ არ ვაპირებთ პროცესს გავემიჯნოთ და ვიყოთ დესტრუქციული ოპოზიცია“, – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

„ქართულ ოცნებაში“ კვლავ ოპოზიციის მზაკვრულ გეგმებზე საუბრობენ და საპირწონედ ახალი კომისიები და მათ მიერ შედგენილი გეგმა მოაქვთ. მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ დადგენილ პროცესში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უწევს მენტორობას. „ქართულ ოცნებაში“ სასამართლო და საარჩევნო სისტემების მოწესრიგებასთან შედარებით, მთავარ პრობლემად პოლიტიკურ პოლარიზაციას მიიჩნევენ.

„საქმე არის მარტივად – ის, ვისაც უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ამ გზაზე სიარული, ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში. ის, ვინც არ ერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი. მგონი, ამაზე მარტივად ქართულ პოლიტიკაში ჯერ საკითხი არ ყოფილა.

პარლამენტი კანონებს ვერ მიიღებს „ქართული ოცნების“, უმრავლესობის გარეშე. რა ფორმატი წარმოუდგენია ოპოზიციას ჩვენ გარეშე, მიკვირს. არ არსებობს რაიმე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების გარეშე. ამიტომ, კიდევ ერთხელ, დღეს ვინც ამ პროცესს ემიჯნება, ემიჯნება საქართველოს ევროპულ მომავალს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ 12 რეკომენდაციის განხორციელებაში ჩართვის წინაპირობად დაასახელა მე-13 წინაპირობა და თქვეს, თუკი ეს მე-13 წინაპირობა დაკმაყოფილდებოდა, ისინი ჩაერთვებოდნენ საქართველოს ევროპული მომავლის საქმეში. ანუ თუკი მათ მიერ დაყენებული წინაპირობა, ულტიმატუმი არ დაკმაყოფილდება, ისინი უარს ამბობენ საქართველოს ევროპული მომავლის საქმეში ჩართვაში. აქედან ხომ დასკვნა ნათელია. ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ სხვადასხვა საკითხი“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

უცნობია, როდის წარადგენს ახალ გეგმას ოპოზიცია, რომლის მთავარი ქვაკუთხედი სავარაუდოდ, მთავრობის ცვლილება და დროებითი, ეროვნული თანხმობის მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება იქნება. ასევე უცნობია, კიდევ რას შესთავაზებს ოპონენტებს „ქართული ოცნება“, მათივე თქმით პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend