მთავარისაქართველოდაჭრილ მებრძოლთა დღე

დაჭრილ მებრძოლთა დღე

მადლიერებით სავსე განწყობა იყო წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში…. მაშინ, როცა იქ კვლავ აღნიშნეს  საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღე.

მანამდე კი იყო მთელი კვირეული – რომლის განმავლობაშიც სამხედრო მოსამსახურეები, ოჯახის წევრებთან ერთად იკრიბებოდნენ.  ბევრი რამ ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის იყო შეჯიბრები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რომლებშიც 80-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. იყო გამოფენაც და ბევრი სხვა საინტერესო ღონისძიება.

“კვირეულის ფარგლებში იყო ღია კარის დღე, სადაც დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა თავიანთ შვილებთან ერთად იმხიარულეს, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. კვირეული ძალიან ნაყოფიერად, წარმატებულად მიმდინარეობდა. ასეთი პროექტები კიდევ გაგრძელდება. ჩვენ ვიმყოფებით მარო მაყაშვილის სარეაბილიტაციო ცენტრში , რომელიც უნიკალურია და ამერიკელების მიერ არის აშენებული, სტანდარტები აქ არის ამერიკული. მათ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ დახმარებაზე ეს ცენტრი ზრუნავს, ასევე დაჭრილ მეომრებს უტარდებათ ძალიან მაღალი დონის ოპერაციები საზღვარგარეთ, ავსტრიაში, თურქეთში, რომელშიც დაჭრილ მებრძოლთა ფონდი გვიდგას მხარში”, — ამბობს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი.

სამხედრო მოსამსახურეებს მედლები, სერტიფიკატები და სიგელები გადაეცათ. მათ სიმბოლური საჩუქრები დაურიგა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმაც,  რომლის დამფუძნებლებიც, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან ერთად, მიწვეულნი იყვნენ კვირეულის გახსნაზე. ამ დღეებმა დაჭრილ მეომრებს შესაძლებლობა მისცა,  განტვირთულიყვნენ და ამასთანავე, ერთმანეთისთვის გამოცდილება გაეზიარებინათ.

“მივიღეთ მონაწილეობა სროლებში, ფრენბურთში, ასე შემდეგ. ეს იყო ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი რამ, ვხვდებით ერთმანეთს, ვუზიარებთ გამოცდილებას, ვუზიარებთ აღქმას იმისა თუ როგორ გავუმკლავდეთ ტრავმებს. შეჯიბრი და აქტივობებიც სახალისო იყო. დავჯილდოვდით შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებით, საჩუქრებიც მივიღეთ, ძალიან კარგი იყო”, — ამბობს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე, მასტერ-სერჟანტი ალექსი ტაბატაძე.

“ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ ვფიქრობ ასეთი ღონისძიებები აჯანსაღებს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ურთიერთობა ყალიბდება ერთმანეთთან, განსაკუთრებით ასეთ გუნდურ, ჯგუფურ თამაშებში. მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად ფონდის მხრიდან ღებულობს დახმარებას, როგორც დეპარტამენტი, ისე სამხედრო მოსამსახურეები”, — ამბობს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე პოლკოვნიკი მიხეილ ქუთათელაძე.

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი სილქნეტმა 2018 წელს დააარსა და მას შემდეგ, კომპანია დაჭრილ-დაშავებული მებრძოლებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად ფონდში ყოველწლიურად რიცხავს საკმაოდ დიდ თანხას. გროვდება გულუხვი შემოწირულობებიც. 2018 წლიდან დღემდე ამ ინიციატივას არაერთი სხვა კომპანია შემოუერთდა.

“მიმაჩნია რომ ძალიან სასიხარულოა და პირველ რიგში თვითონ დაჭრილი მეომრებისთვის და მათი ოჯახებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მგონია რომ ჩვენთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 30 ივნისი იქნა დაჭრილი მეომრების დღედ გამოცხადებული. მათ გვერდში დგომა საზოგადოების მხრიდან და დაჭრილი მეომრებისთვის, სპორტული ფორმატით იქნება ეს, დახმარების ფორმატით თუ მათი ოჯახის წევრების დახმარების ფორმატით, ეს ყველაფერი არის მაჩვენებელი იმისა, რომ დაჭრილი მეომრები არ არიან დავიწყებული და ეს მათ აძლევთ საშუალებას და შეგრძნებას, რომ მათი ჯანმრთელობა და  ეს ტკივილები რომელიც მათ გადააქვთ უხმოდ, თავისი სამშობლოსთვის თავის გაწირვის გამო, ეს არ მომხდარა ტყუილად.მიმაჩნია, რომ მარო მაყაშვილის ცენტრში გამართული ეს კვირეული, შემდეგ პრემიერის მიბრძანება, შემდეგ ჩვენი მისვლა, ჩვენი მხრიდან სიმბოლური საჩუქრების გაკეთებ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით მილიონნახევარი ლარით გავუწიეთ დახმარება მეომრებს და მათ ოჯახებს”, — აცხადებს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი.

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს პარტნიორები ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყანაში სამხედრო მოსამსახურეების თანადგომისა და მხარდაჭერის პროგრამების დიდი გამოცდილება და ცოდნა არსებობს და ამ გამოცდილებას ამერიკელი პარტნიორები ქართველ კოლეგებს უზიარებენ. შედეგად ფონდის საქმიანობა უფრო ეფექტიანი ხდება და ამ ინიციატივაშიც მეტი ადამიანი ერთვება. 30 ივნისს კი კვირეული საზეიმოდ დასრულდა, სადაც ყველა ერთად გამოხატავდა თანადგომას იმ მებრძოლებისა და მათი ოჯახების მიმართ, ვინც ქვეყნის სამსახურში დაშავდა და დაიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend