Tbilisi Open Air 2022

კავკასიაში ელექტრონული და როკ მუსიკის ყველაზე დიდ ფესტივალზე,  ათასობით მუსიკის მოყვარული შეიკრიბა. პანდემიის  გამო ფესტივალი 2 წლის განმავლობაში აღარ ჩატარებულა, თუმცა ახლა ხალხს კვლავ მიეცა საშუალება, რომ საყვარელი მუსიკოსების ცოცხალი შესრულება მოესმინა.

წელს, ისევე როგორც ყველგან, ფესტივალზეც განსხვავებული ატმოსფერო სუფევდა: ყველგან ჩანდა უკრაინის დროშები და ისმოდა უკრაინის მხარდამჭერი გზავნილები. ასევე, გროვდებოდა თანხა უკრაინის დასახმარებლად.

„რასაკვირველია ჩვენ ადამიანები ვართ და ყველაფერი მოქმედებს ჩვენზე, რაც მსოფლიოში ხდება. რა თქმა უნდა, რუსეთი რომ უკრაინაში შეიჭრა, ესეც ძალიან განვიცადეთ. გადავწყვიტეთ უკრაინული ბენდი მოგვეწვია და ეს მართლაც ძალიან ამაღელვებელი გამოდგა, ძალიან ძლიერი ემოციები გამოიწვია, რადგან მომღერალმა ვაკარჩუკმა ომის დაწყების შემდეგ პირველად იმღერა“, — ამბობს ფესტივალის გენერალური პროდიუსერი ირაკლი ნადარეიშვილი.

მართლაც, ფესტივალის ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაშინ დადგა, როდესაც ბენდ Okean Elzy-ს სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი გამოჩნდა სცენაზე. ბენდმა თავისი ტური „დაეხმარე უკრაინას“ სწორედ თბილისის კონცერტით დაიწყო.

„ჩემთვის და Okean Elzy-ს მთელი ბენდისთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ დახმარებას, იმ მატერიალურ დახმარებას, რომელსაც თქვენგან ვიღებთ. დიდი მადლობა თქვენ, რომ შეიფარეთ და მასპინძლობა გაუწიეთ ჩვენს ლტოლვილებს. უბრალოდ გვინდა გითხრათ მადლობა“, — ამბობს ჯგუფის სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი

ფესტივალი სამი დღე გაგრძელდა და მას ყოველდღე 30 ათასი ადამიანი ესწრებოდა.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ უკვე იწყებენ მომავალი წლისთვის მზადებას. Tbilisi Open Air პირველად 2009 წელს ჩატარდა.

უახლესი

სხვა ამბები

Tbilisi Open AirTbilisi Open Air

Send this to a friend