მთავარიკუბისაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ტვ პირველის" დამფუძნებლის მიმართ ძალადობას გმობს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ტვ პირველის” დამფუძნებლის მიმართ ძალადობას გმობს

30 ივნისს აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის” დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

ვატო წერეთელი ირწმუნება, რომ ანრი ოხანაშვილმა დაპირისპირება საქმის გარჩევით დაიწყო, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდა, რაშიც სხვა დეპუტატებიც აჰყვნენ.

ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოსგან ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს.

შემთხვევას ფეისბუკგვერდზე განცხადებით ამერიკის საელჩო გამოეხმაურა:

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“,- აღნიშნულია საელჩოს ფეისბუკგვერდზე.

ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ისინი გმობენ ძალადობას და მოუწოდებენ დეპუტატებს, რომ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით.  მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი“, – აცხადებენ ქარტიაში.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ფეისბუკზე წერს, რომ ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

„ღონისძიებაზე,ვატო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა , რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება. ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის”, – წერს ზარქუა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend