ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, ჰონგ-კონგში ჩავიდა. ეს, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო პანდემიის დაწყებიდან. ჩინეთის პრეზიდენტი ქალაქის ახალი ლიდერის ინაუგურაციასა და ბრიტანეთის მმართველობიდან ჰონგ-კონგის გათავისუფლების 25-ე საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.
,,სამშობლოსთან შეერთების შემდეგ ჰონგ-კონგელი ხალხი გახდა საკუთარი ქალაქის ბატონ-პატრონი და მიხვდა, რომ ჰონგ-კონგელები მართავენ ჰონგ-კონგს. ნამდვილი დემოკრატია აქედან დაიწყო, ქარიშხლის შემდეგ ჰონგ-კონგი ფერფლიდან აღდგა“,- განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.
სანამ ჩინეთის პრეზიდენტი პომპეზურ ვითარებაში ჰონგ-კონგის აღმშენებლობაზე საუბრობდა და ჰონგ-კონგის ახალ ლიდერს ინაუგურაციას ულოცავდა, პარალელურად ქალაქის ქუჩებში მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
ჰონგ-კონგში ამ დღესთან დაკავშირებით სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო.
ინგლისის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა ჰონგ-კონგის გათავისუფლების 25-ე წლისთავს.
,,ჩვენ უარს არ ვამბობთ ჰონგ-კონგზე. ჩვენ შევპირდით ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ ჩინეთმა შეასრულოს ყველა ნაკისრი ვალდებულება, რომ ჰონგ-კონგი მართონ ჰონგ-კონგელებმა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
ზუსტად 25 წლის წინ დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს გადასცა იმ პირობით, რომ იმოქმედებდა “ერთი ქვეყნა, ორი სისტემით” პრინციპით.
ჰონგ-კონგში უნდა ყოფილიყო შეკრების, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, რომელიც იზღუდება კომუნისტური პარტიის მიერ მართულ ჩინეთში.