პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის ნაცვლად ჩეხეთის რესპუბლიკა უხელმძღვანელებს. ჩეხეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებთან და საფრანგეთის მიერ გაწეულ ძალისხმევასთან დაკავშირებით, საქართველოში ორივე ქვეყნის ელჩმა პრესკონფერენცია გამართეს.
საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის თქმით, საფრანგეთის თავმჯდომარეობით, ევროპული საბჭოს მთავარი ამოცანა პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევა იყო. ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ კი თქვა, რომ მის ქვეყანას უფრო რთული ამოცანა შეხვდა – რუსეთის ომი უკრაინაში და კრიზისის დაძლევის გზები.
პრესკონფერენციის ბოლოს ორივე ელჩმა საქართველოს მხარდაჭერასა და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზეც ისაუბრეს.
“როგორც კი ეს 12 რეკომენდაცია შესრულდება, გვექნება საფუძველი, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამისთვის ქვეყანაში რეფორმებზე მუშაობა სწორად უნდა წარიმართოს. ჩვენ ვიცით, რომ იყო იმედგაცრუებაც, მაგრამ ვხედავთ, რომ ქვეყანაში არსებობს ცვლილებების სურვილი. მჯერა, რომ საქართველოში ამის გასაკეთებლად ყველა მზადაა. არავის აქვს კითხვა, რა არის გასაკეთებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ის არის, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს რეკომენდაციები. ვფიქრობ, რომ ეს ისევ და ისევ ინკლუზიურობითა შესაძლებელი. რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველა უნდა გაერთიანდეს და მასში მთელმა საზოგადოებამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი”,- აცხადებს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.
ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისგას განცხადებით, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ევროკავშირის საბჭოს უხელმძღვანელებს მისი ქვეყანა, საქართველოს მხარდაჭერა, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვას მიმართ, ურყევი იქნება.
“ჩვენ ყველა, დიდი ყურადღებით დავაკვირდებით იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო გაიღებს იმ რეკომენდაციების შესრულებისას, რაც მას ევროკავშირისგან გადაეცა. ამას სჭირდება თანამშრომლობა, კონსენსუსი, ოპოზიციისგან, მთავრობისგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან. იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი წლის ბოლოს საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება. მიზანთან ძალიან ახლოს ხართ, ის ხელშესახებია და როგორც საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა მას უნდა ჩაეჭიდოთ. სტატუსის მიღებას ქვეყნებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება და ეს კეთდება არა ევროკავშირისთვის, არამედ საქართველოსთვის, რათა ის განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდეს”,- განაცხადა პეტრ მიკისკამ.
ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის გარდა, ელჩებმა საქართველო-NATO-ს ურთიერთობაზეც ისაუბრეს. მათი თქმით, მადრიდის სამიტიდან ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო, რაც საქართველოს წევრობის გზამდე მისვლაში დაეხმარება.
„ის, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე გახლავთ მიწვეული და შეხვდა მრავალი ქვეყნის პრეზიდენტს, ასევე ემანუელ მაკრონს, უმნიშვნელოვანესია. შემუშავებულ იქნა დახმარების მთელი რიგი პაკეტები. საქართველო განიხილება, როგორც სტრატეგიული ქვეყანა შავ ზღვაზე. NATO-მ თქვენს ქვეყანას აღუთქვა მეტი თანამშრომლობა, მეტი შეხების წერტილი და წვრთნები, რაც გააძლიერებს საქართველოს“, – აღნიშნა დიეგო კოლასმა.
„NATO-ს ღია კარის პოლიტიკა, რაც ბუქარესტის სამიტზე გამოაცხადეს, გრძელდება დღესაც და ამის დადასტურება გახლავთ შვედეთისა და ფინეთის მიღება. ეს არის გაფართოების დასტური და რა თქმა უნდა, ეს სხვა ქვეყნებს დიდ იმედს აძლევს, რომ მათი საკითხიც იქნება დადებითად გადაჭრილი. ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, რომ მან დაბლოკოს NATO-ს გაფართოების თემა. მთელ იმ დოკუმენტებში NATO მუდმივად ადასტურებს ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, – განაცხადა პეტრ მიკისკამ.
ჩეხეთის თავმჯდომარეობისას, ევროკავშირის საბჭოს სლოგანია – ევროპა, როგორც ამოცანა – გარდაქმნა, გადახედვა, გაძლიერება“ და 5 მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმართულება ექნება. მთავარი აქცენტი კი უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზე გაკეთდება.
ალეკო გვეტაძე