მთავარი საქართველო ემუქრება თუ არა საფრთხე საპენსიო დანაზოგებს

ემუქრება თუ არა საფრთხე საპენსიო დანაზოგებს

საპენსიო სისტემაში ჩართული საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი თანხა საპენსიო სააგენტოს მიერ საინვესტიციო მიმართულებით სესხის სახით გაიცემა.

პროცენტის ამონაგებით კი ინფლაციის გადაზღვევა და მოქალაქეების დანაზოგებზე დამატებითი თანხის მობილიზება ხდება. იმის გამო, რომ ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, შესაძლოა სესხად გაცემული თანხიდან მოგება გარკვეული დროით ინფლაციამ შეჭამოს.

მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ დანაზოგებს გაქრობის, ხოლო სააგენტოს დახურვის საფრთხე ემუქრება, საპენსიო სააგენტომ კატეგორიულად უარყო.

უწყების უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე განმარტავს, რომ ამით მოქალაქეებს არ დაეკარგებათ ძირი თანხა, არამედ დამატებითი პროცენტი შესაძლოა არ დაერიცხოთ მოკლე ვადით. უწყებაში გადაჭრით ამბობენ, რომ ხალხის ფულს არაფერი ემუქრება.

„საპენსიო სქემაში მონაწილე ყველა მოქალაქის თანხა სრულად არის დაბანდებული. დღეს არსებული პორტფელის, რომელიც ორ მილიარდ ლარზე მეტია, თითოეული ლარი დაბანდებულია ინვესტიციის სახით. საიდანაც ვიღებთ მოგებას პროცენტის სახით და ეს ემატება დამატებით სარგებლად მოქალაქეების დანაზოგს. ამ ნამატს შეიძლება შეექმნას დროებით საფრთხე, რადგან ქვეყანაში ინფლაცია ამ დროისათვის არის მაღალი, თითქმის იმ პროცენტის ტოლი, რის სანაცვლოდაც მოქალაქეების დაგროვილი თანხა გვაქვს ინვესტიციის სახით გაცემული. მაგრამ, მოქალაქეების კუთვნილ თანხას ან ჩვენს სააგენტოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამას გიცხადებთ სრული პასუხისმგებლობით. ეს ვერ მოხდება ვერც კანონმდებლობის დონეზე, ვერც ტექნიკურად და ვერც რაიმე ფოსრ-მაჟორით. მონაწილეების აქტივები არის უსაფრთხოდ“, – აცხადებს გიორგი მელიქიძე.

ეკონომიკის სპეციალისტების უმრავლესობა მიესალმება საპენსიო სააგენტოს მოქმედებას, მოქალაქეების კუთვნილი ფულის ნაკლებრისკიან საინვესტიციო მიმართულებით დაბანდებასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, თუ სააგენტო სწორად იმოქმედებს, არც ხალხის ფულს ემუქრება საფრთხე და არც თავად უწყებას. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის – IDFI“-ის ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების ხელმძღვანელი გივი ადეიშვილი ამბობს, რომ მეტი სარგებლის მიღებისთვის, ასეთი მიდგომა გამართლებულია.

„საპენსიო ფონდს ამ ეტაპისთვის მკაცრად აქვს გაწერილი ის ინსტრუმენტები, რაშიც შეუძლია ინვესტიციის განხორციელება. არც ერთი ინსტრუმენტი არ არის მაღალი რისკის შემცველი და ვფიქრობ, რომ ის, რომ ხალხის ფულს დაკარგვის საფრთხე ემუქრება გამორიცხულია. პირობითად, ეს ფული რომ სახლში დაგვედო და შეგვენახა, მისი მსყიდველობითუნარიანობა შემცირდება. მაგრამ, თუ დავაბანდებდით ანაბარზე, მაშინ მივიღებთ დივიდენდს, მოგებას. სწორედ ამას აკეთებს საპენსიო სააგენტო და ეს, რა თქმა უნდა ნორმალურია“, – ამბობს გივი ადეიშვილი.

საპენსიო სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული ორგანიზაციაა, რომელიც დაგროვებითი პენსიის სქემაში შრომისუნარიან დასაქმებულ მოქალაქეებს რთავს. უწყებამ საქმიანობა 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend